კრიზისი უკრაინაში: კერიმ პუტინთან შეხვედრა გადადო
აშშ-ის გენერალურმა მდივანმა ჯონ კერიმ უარი განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მანამ, ვიდრე მოსკოვი ამერიკის მიერ შეთავაზებული უკრაინის კრიზისის დარეგულირების საკითხით არ დაინტერესდება. კერიმ რუს კოლეგას – ლავროვს განუცხადა, რომ რუსეთის ქმედებებმა ყირიმში ნებისმიერი მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაართულა. ამერიკის ოფიციალურ პირთა თქმით, სალაპარაკო თემები სულ უფრო ცოტა რჩება. თუ კვირას დაგეგმილი რეფერენდუმი ყირიმის რუსეთთან მიერთების საკითხზე მაინც შედგება, უკრაინის ახალი ხელისუფლება და დასავლეთის ქვეყნები რეფერენდუმს არაკანონიერად მიიჩნევენ. ლავროვთან საუბრისას კერიმ კვლავ მოუწოდა მოსკოვს, შეაჩეროს რუსი ჯარების უკრაინაში შეჭრის პროცესი და ყირიმის ანექსია, რათა უზრუნველყოს სივრცე დიპლომატიისთვის. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტთან – ბარაკ ობამასთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია უგულებელყოს ყირიმის მხრიდან მისთვის დახმარების მოთხოვნა და ამ სიტუაციაში ადეკვატურად მოქმედებს. პუტინთან შეხვედრისას ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ ამერიკისგან მიიღო ,,ფურცელი“, რომელშიც მოსკოვისთვის ,,არახელსაყრელი კონცეფციაა“ ასახული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ სპაკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები, რომ რუსეთი მზად არის, შეუერთდეს კრიზისიდან გამოსვლის წინადადებებს. პრორუსული ძალები ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინული ჯარების ბლოკირებას განაგრძობენ. რუსეთი შეიარაღებულ ხალხს ,,ყირიმის თავდაცვას“ უწოდებს. ჯონ კერი და სერგეი ლავროვი ბოლო დღეებში რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა ამ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია.
ორშაბათს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჯერ აშშ-ის პრეზიდენტთან, ხოლო შემდეგ ჯონ კერისთან სატელეფონო საუბრისას მათი მხრიდან გახმაურებული წინადადებები რუსეთს არ აწყობს. ლავროვის თქმით, დოკუმენტში არის კონცეფცია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელს არ აძლევს. მანვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა ფორმულირდება მომხდარი ფაქტებით, და მოსკოვს სიტუაციიდან, რომელიც ,,სახელმწიფო გადატრიალებაა“- გვერდზე დგომას სთავაზობენ. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ამერიკისთვის უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების შემხვედრი წინადადებები მოამზადა. მანამდე სატელეფონო საუბარში ჯონ კერიმ ლავროვი გააფრთხილა, რომ რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის ნებისმიერი მცდელობა დიპლომატიური ურთიერთობის კარს სამუდამოდ დახურავდა.
ბლოკადის გაგრძელება ორშაბათს გახდა ცნობილი, ნატოს მზვერავი თვითმფრინავები უკრაინაში სიტუაციას პოლონეთიდან და რუმინეთიდან გააკონტროლებენ. ნატოს მტკიცებით, AWACS-ის თვითმფრინავები მათ სიტუაციის უკეთესად გაკონტროლების საშუალებას მისცემს. ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა და თავდაცვის ადგილობრივმა ძალებმა სიმფეროპოლის სამხედრო ჰოსპიტალი დაიკავეს. ჰოსპიტალის ხელმძღვანელის თქმით, ყველა იქ მყოფი ადამიანი ავტობუსებში შეყარეს, პაციენტებს შორის მძიმედ დაავადებულებიც იყვნენ. ასევე გრძელდება სამხედრო ობიექტების ბლოკადა ყირიმის ტერიტორიაზე. ამ დროს კი ყირიმი რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები და უკრაინის ახალი ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ყირიმის კანონიერმა ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რომელიც საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება.