საქართველოსა და ესპანეთის მთავრობებს შორის ეკონომიკური კომიტეტი შეიქმნა

    საქართველოსა და ესპანეთის მთავრობებს შორის ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტი შეიქმნა. ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ესპანეთის სამეფოს ვაჭრობის სახელმწიფო მდივანმა ხაიმე გარსია ლეგაზმა მოაწერეს. ახალი კომიტეტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პროექტებისა და ინვესტიციების განხორციელების შეუწყობს ხელს.
„ეს კომიტეტი იქნება პლატფორმა, რომლის ბაზაზეც მოხდება ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერამდე ორგანიზებას გავუწევთ ბიზნესფორუმს. წინასწარ ვიმუშავებთ ჩვენს ადგილობრივ ბიზნესთან, ასევე ესპანური მხარე იმუშავებს ესპანელ ბიზნესმენებთან იმისთვის, რომ ეს ღონისძიება კონკრეტული შედეგებით დასრულდეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მინისტრის თქმით, ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ტექნიკური ბარიერებისგან გათავისუფლება. „მთლიანად ეს იურიდიული საფუძველი და ბაზა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ესპანურ კომპანიებს საშუალება უნდა მივცეთ, რომ საქართველოს ბაზარი მათი საქონლისა და მომსახურებისთვის გახსნილი იყოს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, ვინაიდან საქართველოსთვის ესპანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია პოლიტიკურ ველზე“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. საქართველოსა და ესპანეთს შორის უახლოეს მომავალში ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებაც გაფორმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები