დალია გრიბაუსკაიტე: ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინის დონეზე დავეშვათ
ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ტელეკომპანია ЛРТ-სთან ინტერვიუში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოაბას მეორედ ისტორიული შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, ამიტომ რუსეთს წინააღმდეგობა უნდა გუწიონ. გრიბაუსკაიტემ ყირიმში რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა და დასავლეთის მკვეთრი რეაქციის აუცილებლობაზე ისაუბრა. “ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიმართლა, რომ 10 წლის წინ გავხდით ნატოსა და ევროკავშირის წევრი. მაგრამ ახლა საქმე ეხება თავად ევროპას, ვინაიდან ვხედავთ ფენომენს, როდესაც ერთმა ქვეყანამ ფეხქვეშ გათელა ყველა საერთაშორისო ვალდებულება. ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, რომელიც არაფერს აქცევს ყურადღებას, იტყუება, ღიად შეყავს ჯარი დამოუკიდებელ სახელმწიფოში. ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, რომელიც იქცევა ისე, როგორც ნაცისტური გერმანია ან სტალინი 1938-1940 წლებში. ავადმყოფურ პოსტიმპერიული ამბიციების დემონსტრირება ხდება ახლა მთელი ევროპისა და მსოფლიოს წინაშე და რა თქმა უნდა, ამაზე მსოფლიომ რეაგირება უნდა მოახდინოს. ძალიან კარგია, რომ ყველამ სწორად გააკრიტიკა ის, რაც მოხდა – არამარტო ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა, არამედ ჩინეთმაც კი, რომელსაც პუტინის რეჟიმთან მეგობრული ურთიერთობა აქვს”, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები, ლიტვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული აგრესიის შეჩერება უნდა მოხდეს.
“ჩვენ არამარტო უნდა ვილაპარაკოთ, რომ ეს არ არის ლამაზი, არამედ ვაჩვენოთ, რომ 21-ე საუკუნეში მსოფლიო ქვეყნები ასეთ აგრესიას ვერ დაუშვებენ. რაც უკრაინაში ხდება, აჩვენა, რომ საერთაშორისო ინსტრუმენტები და რეაქცია ძალზე ცივილურია. იმის თქმა არ მინდა, რომ სხვაგვარად უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს სხვა ცივილიზაციასთან ან წარმოდგენასთან ცივილიზაციის შესახებ. თუ დასავლეთი 21-ე საუკუნეშია, რუსეთის ქმედებებს წინა საუკუნის შუა პერიოდს მივაკუთვნებდი. დაპირისპირება, სინამდვილეში, ძალიან მტკივნეულია – ყველა დაზარალდება. მოგვიწევს გარკვეული სანქციების მიღება, არამხოლოდ დიპლომატიურის და პოლიტიკურის, არამედ ეკონომიკურისაც. ვიმედოვნებ, რომ ეს ცივი ომი, ყველაზე უარეს პროცესებში არ გადაიზრდება და ამისთვის ზომების მიღებაა საჭირო”, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ. მისივე თქმით, ლიტვა და პოლონეთი აქტიურ კონსულტაციებს მართავს ნატოს დანარჩენ ქვეყნებთან. ის აქცენტს აკეთებს ნატოს წესდების მე-5 მუხლზე და აცხადებს, რომ ამაში საშიში არაფერია. “მთავარია, არასდროს შეგეშინდეს აგრესორის, ვინაიდან მას სწორედ ეს უნდა. როგორი სახელმწიფოც არ უნდა იყოს, რაოდენ დიდიც, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მეორედ ისტორიული შეცდომის დაშვება არ შეგვიძლია: ჩვენ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა და გავისროლოთ კიდეც, თუ ვინმე ჩვენს ოკუპაციას შეეცდება”, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ, თუმცა დასძინა, რომ ევროპისა და აშშ-ს რეაქცია რუსეთის დღევანდელ ქმედებებზე, უფრო ცივილიზებულია, ვინაიდან “ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინის დონეზე დავეშვათ, უხეში სამხედრო ძალა გამოვიყენოთ, საერთაშორისო ვალდებულებები უგულვებელვყოთ”. “ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნებს, რომლებიც უფრო ახლოს არიან რუსეთთან, უკეთ ესმით, რაც ხდება, ვიდრე მათ, რომლებიც რუსეთისგან შორს არიან და შეიძლება, უფრო მეტად არიან რუსეთზე დამოკიდებული, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. ეს იგრძნობა. რეაქცია და შეფასებები განსხვავებულია. ვიღაცები ამბობენ, რომ არ შეიძლება ახლა რუსეთზე დიდი ზეწოლა, რათა მას მივცეთ შანსი, შეინარჩუნოს სახე და დავუტოვოთ “უკანდახევის სტრატეგია”. მე პირდაპირ განვაცხადე: ევროპამ თავისი სახე უნდა შეინარჩუნოს და არა რუსეთის, რომელიც ამის გაკეთებას არ აპირებს. მას დიდი ხანია, სახე არ აქვს – არის მხოლოდ პუტინის სახე. ევროპას ჯერ კიდევ არ ესმის ბოლომდე, რა ხდება, რომ დადგა დრო, თავად ევროპა ჩამოყალიბდეს და თავისი სახე შეინარჩუნოს”, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.