„რაც „ვერეს“ ხეობაში მოხდა, კატასტროფაა. ეს ხუშტურებით მართვის შედეგია“

არქიტექტორი, ექსპერტი გიგა ბათიაშვილი ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას წინა ხელისუფლების მიერ ხუშტურებზე დაწყებული მშენებლობებით ხსნის.
როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ახალი გზა საჭიროა, თუმცა მისი ფუნქცია, რომ ეს 3- კილომეტრიანი გზა ჩქაროსნული მაგისტრალი იყოს, შეცდომაა. ბათიაშვილის თქმით, გზის ამ ფორმით დაპროექტებამ მდინარის კალაპოტის ხელყოფა გამოიწვია და მას სავალალო შედეგები მოჰყვა.
„ვერე“ პატარა მდინარეა, მაგრამ საკმაოდ დიდი აუზიდან აგროვებს წყლებს, ნალექების შემთხვევაში იცის ადიდება. ეს ვერეს ადიდების მეოთხე შემთხვევაა. ახალი გზა საჭირო იყო, მაგრამ ისმის კითხვა, თუ როგორია ეს გზა. ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა ის, რომ თანამდებობრივი სტატუსი ნებისმიერ სფეროში კომპეტენტურობას განაპირობებს. პრობლემების მიზეზი ხუშტურებით მართვაა. ამ ხუშტურებმა ფიზიკური და მორალური კატასტროფა გამოიწვია. რიყე მორალური კატასტროფაა, რაც „ვერეს“ ხეობაში მოხდა, ეს პრაქტიკული კატასტროფაა.
ხუშტურია ისიც, რომ ამის ფუნქცია დაადგინა დამკვეთმა, რომ ეს ჩქაროსნული მაგისტრალი იყოს. რა მაგისტრალი უნდა იყოს, როცა სულ რაღაც სამ კილომეტრზე ოდნავ მეტია. ამის გამო დამპროექტებელი იძულებული იყო გზა ისე დაეპროექტებინა, რომ მინიმალური რაოდენობის მრუდეები, სწორი და ნაკლები ქანობები ყოფილიყო. შედეგად მდინარის კალაპოტის გვირაბში შეყვანა გახდა საჭირო. მთელი პრობლემა ესაა, ის კი არა, საიდან სადამდე გაიჭრებოდა ტრასა, არამედ ის, თუ როგორ უნდა გაევლო ამ გზას. კარგი არქიტექტორი, – მდინარე ვერეს ხეობაში, სადაც მარჯვენა მხარე არის ეროზიული, მარცხენა მხარეს კი არის ფშვნადი კლდე, – არ დაუშვებდა არც კლდის გაჭრას, არც მეორე მხარის მოჭრას და ელემენტარულად ააშენებდა გზას, მეტი მოხვევებით, ესტაკადის ტიპისას ანუ ოჩოფეხზე შემდგარს და წყლის დონის 5-მეტრიანი სიმაღლეც ვერაფერს უზამდა. მანდ გზა საჭიროა, მაგრამ საჭიროა ისეთი ადგილი და პროფილი მოინახოს, რომ მდინარის კალაპოტის ხელყოფა არ მოგივიდეს თავში აზრად. გზა იქ ორმხრივი უნდა იყოს, მაგრამ ვინ თქვა, რომ ერთ გზაზე უნდა მიდიოდეს წამსვლელიც და მომსვლელიც. შესაძლოა, ეს გზა გაიყოს“, – აღნიშნა გიგა ბათიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები