„არ შეიძლება მდინარის ხეობაში ამ ტიპის ინფრასტრუქტურისა და სახლების მოწყობა“
არ შეიძლება მდინარის ხეობაში ამ ტიპის ინფრასტრუქტურისა და სახლების მოწყობა -ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მდინარის გარშემო ინფრასტრუქტურა არასწორად არის მოწყობილი.
„ეს ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც სკოლაში არ იყვნენ ადამიანები. სტიქია რომ მომხდარიყო დღის განმავლობაში, როდესაც ბავშვები იყვნენ სკოლაში, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა. არ შეიძლება მდინარის ხეობაში ამ ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე არ შეიძლება საცხოვრებელი სახლების მოწყობა, ეს მიგვანიშნებს, რომ ვიღაცები გულგრილად მოეკიდნენ, როდესაც ადამიანები სახლებს აშენებდნენ აქ”, – განაცხადა აგულაშვილმა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სტიქიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ახალი გზის პროექტის განხორციელებისას არ მომხდარა გარემოზე ზემოქმედების შეფასება.
„აქ იყო, ერთი მხრივ, სტიქია და, მეორე მხრივ, ადამიანის შეცდომები. ფაქტია, რომ დაგუბების რამდენიმე წერტილი იყო. მთელი ეს ხეობა გამოიარა წყალმა არსებითი წინააღმდეგობისა და ზიანის გარეშე, როგორც კი შემოვიდა ქალაქში, როგორც კი შემოვიდა ახალი გზის პროექტის დროს წარმოქმნილ არტახებში, ვეღარ გაიარა ეს არტახები და იქ დატრიალდა ტრაგედია. ეს პროექტი გაკეთდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე. მაგისტრალის სტატუსი მოეხსნა. ეს სტატუსი რომ ყოფილიყო, გაკეთებოდა გარემოზე ზემოქმედების შეფასება და ბევრი რეკომენდაცია იქნებოდა გათვალისწინებული. ეს ტრაგედიის გამომწვევი ერთ-ერთი კომპონენტია, თუმცა არ შეიძლება მხოლოდ ამაზე აქცენტის გაკეთება, რადგან არის ბევრი კუმულაცია – ბუნება, სტიქია დაადამიანის უგუნურება,” – განაცხადა აგულაშვილმა.