თბილისის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებს
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა და 15 ივნისის მდგომარეობით მათი საჭიროებები აღწერა.
თბილისის მერიამ დაზარალებულთა განთავსების ადგილებზე მიიყვანა მე-16 შერეული პოლიკლინიკის ოჯახის ექიმები, რომლებიც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაესაუბრნენ დაზარალებულებს, სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს და მათთვის საჭირო მედიკამენტების იდენტიფიცირება მოახდინეს.
მერიის ინფორმაციით, თბილისის ცხრა სასტუმროში გასაუბრება 44 ოჯახის წარმომადგენელთან მოხდა. 15 ივნისის მდგომარეობით, 173 ადამიანი აღირიცხა, საიდანაც 101 ქალი, 72 კაცი და 43 – 18 წლამდე ასაკის ბავშვია, მათგან 18 ბავშვი 6 წლამდეა.
სტიქიით დაზარალებულთა გამოკითხვის მიხედვით გაირკვა, რომ 33-ს ესაჭიროება სხვადასხვა მედიკამენტი, 34-ს – სამედიცინო გამოკვლევა და 12-ს – ფსიქოლოგიური დახმარება.
“თბილისის მერია ყველა დაზარალებულ ოჯახს პირველადი სააფთიაქო საჭიროებებით უზრუნველყოფს. მედიკამენტებით თბილისის მერიას „ავერსი“, „PSP“, „სახალხო აფთიაქი“, „GPC“ და „ეი-ბი-სი ფარმაცია“ მოამარაგებენ. ასევე, მათ, ვისაც სამედიცინო გამოკვლევები ესაჭიროება, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან კოორდინაციით, ეს მომსახურება გაეწევათ. ამასთან, თითოეულ სასტუმროში იმორიგევებენ „ავერსის“ ოჯახის ექიმები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას, ხოლო ბავშვებისთვის ადგილზე პედიატრების ვიზიტი განხორციელდება. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მეორე ნაწილის გამოკითხვა დღეს გაგრძელდება“,-აცხადებენ მერიაში.