ე.წ. „შავ სიაში“ საქართველო და ქართული ავიაკომპანიები არასდროს ყოფილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ე.წ. „შავ სიაშია“ შეყვანილი, არ ადასტურებენ.

ამასთან დაკავშირებით სააგენტომ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

„გარკვეული მედიასაშუალების მიერ არის მცდელობა, გავრცელდეს მცდარი ინფორმაცია, რომ საქართველო და ქართული ავიაკომპანიები შესულია ევროკავშირის უსაფრთხოების ე.წ. „შავ სიაში“. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კატეგორიულად აცხადებს, რომ საქართველო და ქართული ავიაკომპანიები არასოდეს ყოფილან ევროკავშირის უსაფრთხოების სიაში. ე.წ. „შავი სია“ არის ევროკავშირის მექანიზმი, წელიწადში 2-ჯერ, უსაფრთხოების კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროკომისია საჯაროდ აქვეყნებს იმ ქვეყნებისა და ავიაკომპანიების ჩამონათვალს, რომლებსაც ეკრძალებათ ფრენა ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების უგულვებელყოფის გამო. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ე.წ. „შავ სიაში“ საქართველო და ქართული ავიაკომპანიები არასდროს ყოფილა შეყვანილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, 2011-2013 წლების განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად 55%-ით გაუმჯობესდა სააგენტოს ინსპექტორების ტრეინინგისა და კვალიფიკაციის მაჩვენებელი.

„ICAO-ს 2013 წლის აუდიტის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ადგილი ჰქონდა რამდენიმე ხარვეზსაც, რაც ასახული იქნა აუდიტის საბოლოო ანგარიშში და რომლის აღმოსაფხვრელად გაწერილი იქნა სამოქმედო გეგმა.

აღსანიშნავია, რომ 2011-2013 წლების განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად 55%-ით გაუმჯობესდა სააგენტოს ინსპექტორების ტრეინინგისა და კვალიფიკაციის მაჩვენებელი, 44%-ით გაუმჯობესდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის პროცესი, 25%-ით გაუმჯობესდა პერსონალის ლიცენზირებისა და ავიასაწარმოების სერტიფიცირების პროცესი, 24%-ით გაუმჯობესდა უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის მაჩვენებელი, 22%-ით საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობა, 19%-ით აეროპორტების და აეროდრომების ზედამხედველობა, 17%-ით აერონავიგაციის მიმართულებების ზედამხედველობა და 38%-ით საავიაციო შემთხვევების მოკვლევის საკითხები. ამჟამად დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომელზეც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად მუშაობს“, – აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით რომ საქართველო საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შავ სიაშია შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები