საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფორუმში – „ინვესტირება მეტად მდგრად და უსაფრთხო ევროპაში“ მიიღო მონაწილეობა.

წლევანდელი ფორუმი, რომელშიც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები მონაწილეობდნენ, ფოკუსირებული იყო ევროპის საინვესტიციო პრიორიტეტებზე და საინვესტიციო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საუკეთესო პრაქტიკებისა და ეფექტური სტრატეგიების იდენტიფიცირებაზე.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა ევროპის ერთიანი ბაზრის გაძლიერებისათვის საჭირო რესურსების მობილიზების მხარდაჭერა და შესაძლო ეკონომიკური ფრაგმენტაციის თავიდან აცილება.

EIB ჯგუფის ფორუმის ფარგლებში ევროპარლამენტარებმა, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებმა და დაინტერესებულმა მხარეებმა ბიზნეს და საფინანსო სექტორებიდან ინდუსტრიის დეკარბონიზაციის, ხელოვნური ინტელექტის განვითარების, კაპიტალის ბაზრების გაერთიანების, უსაფრთხოებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელეს.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს გლობალური ეკონომიკური გამოწვევები და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის ეფექტური გადაწყვეტილებების მიმართულებით.

„სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებებისა და გლობალიზაციის ეპოქაში, საქართველოს ეროვნული ბანკის ძალისხმევას არ იშურებს ღია ფინანსების ეკოსისტემის განვითარებისკენ და სხვადასხვა სახის ფინანსურ პროდუქტებზე მომხმარებელთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალი სერვისების დანერგვაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი მანდატის ფარგლებში სებ-ი მუდმივად ზრუნავს ბაზარზე ახალი მოთამაშეებისთვის ბარიერების შემსუბუქებასა და თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისეთი პროექტებით, მათ შორის როგორიცაა ღია ბანკინგი, რეგულირების ლაბორატორია და სხვა, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს შექმნას“, – აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები