ირაკლი ლექვინაძე ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით მომუშავე ექსპერტებს შეხვდა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ღია სამუშაო შეხვედრა ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით მომუშავე ექსპერტებთან, დარგის სპეციალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.
მერიის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა თბილისის მერიის მიერ შემუშავებული ეკოლოგიისა და გამწვანების სტრატეგიის საჯარო განხილვას და დამატებითი რეკომენდაციების შემუშავებას. შეხვედრის მონაწილეები, ასევე, გაეცნენ იმ ინოვაციურ პროექტებს, რომელზეც მერია ამ ეტაპზე ინტენსიურად მუშაობს.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა “შეხვედრა ნაყოფიერი იყო, გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო ინიციატივა, რომელსაც თბილისის მერია მხარს დაუჭერს და განახორციელებს.”
ღია სამუშაო შეხვედრები მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის ინიციატივით და ორგანიზებით იმართება. დაგეგმილია მუდმივმოქმედი მრჩეველთა ჯგუფის შექმნა, რომელიც წარმოდგენილი ფორმატით გააგრძელებს მუშაობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „ეკოალიანსი“, „კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი“, „ეკოხედვა“. კვლევითი ინსტიტუტებიდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბოტანიკის ინსტიტუტი და მწვანე არქიტექტურა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ეკოლოგიისა და გამწვანების დარგზე ორიენტირებული უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები