„ავტომობილი, რითიც სანდრო გირგვლიანი გაიტაცეს, 2005 წელს ქუთაისელ მეწარმეს წაართვეს“

ავტომობილი, რითიც სანდრო გირგვლიანი გაიტაცეს, 2005 წელს ქუთაისელ მეწარმეს წაართვეს – ამის შესახებ გაზეთი “პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში წერს. გამოცემასთან ინფორმირებული წყარო დეტალურად ყვება, თუ როგორ წაართვეს  კუდის რეგიონული სამმართველოს უფროსის კონსტანტინე არჩაიას ბრძანებით, ქუთაისელ დავით სტეფანიშვილს “მლ“-ის მარკის ავტომობილი. ინფორმირებული წყარო აცხადებს, რომ სწორედ აღნიშნული ავტომობილით გაიტაცეს ლესელიძის ქუჩიდან სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ოქროყანისკენ.

“ქუთაისელ დავით სტეფანიშვილს ქალაქში მათეს სახელით იცნობენ,ის ქუთაისში ავტონაწილების მაღაზიას ფლობს. 2005 წელს სტეფანიშვილმა “მლ“-ის მარკის ავტომობილი შეიძინა, რომელიც, როგორც ჩანს, კუდის ადგილობრივ ხელმძღვანელობას მხედველობიდან არ გამოჰპარვია. 2005 წლის ოქტომბერში, ვითომდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მას ავტომობილი ჩამოართვეს, მიზეზად კი მისი დანაშაულებრივი გზით მოპოვება დასახელდა. აღნიშნულ საქმეში კარგად ინფორმირებული წყარო გვიყვება, რომ სტეფანიშვილისთვის ავტომობილის ჩამორთმევის ბრძანება სწორედ კუდის რეგიონული სამმართველოს უფროსმა კონსტანტინე არჩაიამ გასცა. მისივე მითითებით, ამავე სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა, ვინმე ხეცურაინმა ავტომობილი მეორე დღესვე თბილისში, მოდულის შენობის ეზოში გადაიყვანა და გასაღები კუდის პირველი სამმართველოს უფროსს, გერონტი ალანიას ჩააბარა. ეს სწორედ ის ალანიაა, რომელიც გირგვლიანის გატაცებისა და მკვლელობის საქმეზე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გასამართლდა. მოკლედ, კუდის იმერთის საგამოძიებო ჯგუფმა ავტომობილი კონსტანტინე არჩაიას ბრძანების შესაბამისად,თბილისში გადაიყვანა, მოდულის ეზოში დააყენა,დალუქა და გასაღები გერონტი ალანიას ჩააბარა“, – წერს გაზეთი “პრაიმტაიმი“.

გამოცემის ცნობითვე, ჩამორთმეული ავტომობილის მესაკუთრე ამასობაში უშედეგოდ ცდილობდა,დაემტკიცებინა,რომ ვერცხლისფერი “მლ“-ის ჯიპი კანონიერი გზით ჰქონდა შეძენილი. კუდ-ი კი ავტომობილის დაბრუნებას არ აპირებდა.

“მოგვიანებით, დავით სტეფანიშვილის ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროში საჩივარი შეიტანა, სადაც იტყობინებოდა, რომ მისი კლიენტის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც თითქოსდა, ექსპერტიზაზე უნდა შეემოწმებინათ , სინამდვილეში თბილისის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდებოდა. მეტიც, ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი პირადად დაუკავშირდა კუდის გამომძიებელს, ვინმე ხეცურიანს (რომელმაც ავტომობილი ქუთაისიდან თბილისში გადმოიყვნა) და აცნობა, რომ მან და პირადად დავით სტეფანიშვილმა აღნიშნული ავტომობილი თბილისის ქუჩებში შენიშნეს, რა დროსაც მძღოლთან უთანხმოებაც მოუხდათ. ზემოაღნიშნული ავტომობილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ოქროყანისკენ მიმავალ გზაზე ბადრი პატარკაციშვილის სახლთან დამონტაჟებული ვიდეოთვალის ჩანაწერები გახდა ცნობილი. ეს ჩანაწერები პირველად სანდრო გირგვლიანის მეგობრებმა მოიპოვეს და ნათლად ჩანს, როგორ გადაადგილდება ვერცხლისფერი “მლ“-ის ჯიპი ოქროყანის მიმართულებით.

ცნობილია ისიც, რომ ავტომობილს კონსტიტუციური უსაფრთოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ქოქიაშვილი მართავდა. ავტომობილში იმყოფებოდნენ კუდის თანამშრომლები: გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა. მათ ლესელიძის ქუჩიდან გატაცებული სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ოქროყანის სასაფლაოებისკენ მიჰყავდათ, სადაც სასტიკად გაუსწორდნენ. ვინაიდან იმთავითვე გაჩნდა ეჭვი , რომ სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის გატაცებაში გარეულნი იყვნენ შსს-ს მაღალჩინისნები, უწყება კი მათთვის ხელის დაფარებას გეგმავდა, გირგვლიანის მეგობრებმა გადაწყვიტეს, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება.

იმ პერიოდში სანდრო გირგვლიანის ერთ-ერთი ახლო მეგობარი გიორგი კალანდარიშვილი ხელმძღვანელობდა ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ „სტანდარტ ბანკს“ და, შესაბამისად, კარგად იცნობდა პატარკაციშვილსაც. მისი თხოვნითა და პატარკაციშვილის ნებართვით, ამოიღეს სახლთან დამონტაჟებული ვიდეოთვალის ჩანაწერები.

“სიდი“ დისკზე ჩაწერილი მასალა, რომელიც 28 იანვრის ღამის პერიოდს მოიცავს, მეგობრებმა იმავე დღეს გაშიფრეს. კადრებში კარგად ჩანს “მერსედესის“ ფირმის ვერცხლისფერი “მლ“-ის მარკის ავტომანქანა,რომელიც ჯერ თბილისიდან ოქროყანის, შემდეგ კი პირიქით – ოქროყანიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდება. აღნიშნული ჩანაწერი მალევე გავიდა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “დროებაში“. სწორედ ამ გადაცემის შემდეგ, “მლ“-ის ჯიპი ქუთაისში გადაიყვანეს და ორიოდე დღეში კანონიერ მფლობელს,დავით სტეფანიშვილს დაუბრუნეს. სანდრო გირგვლიანის რეზონანსულმა საქმემ, კუდის მაღალჩინოსნები აიძულა, ჩამორთმეული ავტომობილი კანონიერი მესაკუთრისთვის დაებრუნებინათ. სხვა შემთხვევაში დავით სტეფანიშვილიც პროკურატურის მიერ გასულ კვირას გახსნილი საქმეების ჩამონათვალში იქნეობდა“, – წერს გაზეთი “პრაიმ-ტაიმი“.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის 5 ფაქტზე გამოძიება დაასრულა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2008-2009 წლებში საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი, ე.წ. იმერეთის უშიშროების უფროსი კონსტანტინე არჩაია, კუდის თანამშრომლების დახმარებით ეწეოდა იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებისათვის თანხების გამოძალვას, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები