ბრუნო ბალვანერა: რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს კვლავაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს

რეგიონის ქვეყნებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, რუსეთსა და თურქეთთან შედარებით, საქართველოს კვლავაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში ბრუნო ბალვანერამ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რა იყო იმის მიზეზი, რომ მაისში EBRD-მა საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 2,3%-მდე შეამცირა.
“რეგიონის ქვეყნებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, რუსეთსა და თურქეთთან შედარებით, საქართველოს კვლავაც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. ძირითადი ფაქტორი რუსული რუბლის დევალვაცია იყო. რუსეთი რეგიონისთვის მთავარი მოთამაშეა და როგორც ვიცით, რუსეთში ექსპორტი და რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები შემცირდა, რაც უარყოფითად აისახა რეგიონის ქვეყნების ვალუტაზე. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნეგატიურია, რადგან, ყველა ძალისხმევის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავაც ძალიან მაღალია დოლარიზაცია და მცირეა უცხოური ინვესტიციები. იმედია, ეს დროებითია. სწრაფი ზრდისთვის აუცილებელი ყველა ინგრედიენტი გაქვთ, ახლა საჭიროა ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მოზიდვა.
ინტერვიუში ბრუნო ბალვანერა საბანკო ზედამხედველობის საკითხზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საბანკო ზედამხედველობის მოდელში ცვლილებები უნდა შევიდეს მაშინ, თუ ამისთვის არსებობს ტექნიკური და სწორი მიზეზები. “მსოფლიოში ბანკების ზედამხედველობას ან ეროვნული ბანკი ახორციელებს, ან ფინანსური და საზედამხედველო ორგანოები. საბანკო ზედამხედველობის მოდელში ცვლილებები უნდა შევიდეს მაშინ, თუ ამისთვის არსებობს ტექნიკური და სწორი მიზეზები. თუ ცვლილების მიზეზი არ არის სწორად ჩამოყალიბებული, ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ცვლილებები? საინტერესოა, რატომ უნდა შეიცვალოს რაღაც, რაც ბევრის, მათ შორის EBRD-ის, IMF-ის, ლონდონის ინვესტორებისა და ფინანსური თემის აზრით, გამართულად მუშაობს. მოდი, მოვიწვიოთ საერთაშორისო სპეციალისტები, რათა გავიგოთ, იყო თუ არა რამე სისუსტე საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობაში, ან გავითვალისწინოთ სხვა ეროვნული ბანკების, საკონსულტაციო კომპანიების გამოცდილება და განვიხილოთ, რა პრობლემა დგას. თუ პრობლემა არსებობს და ის ტექნიკურია, მივიღოთ ტექნიკური გადაწყვეტილება. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყოს პოლიტიკური. საბანკო ზედამხედველობის ორგანო დამოუკიდებელი უნდა იყოს და არა პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი“, – აცხადებს ბრუნო ბალვანერა.
კითხვაზე, მისი აზრით, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა თუ არა – ბალვანერა აცხადებს, რომ ვერ ვხედავს რაიმე ტექნიკურ მიზეზებს, რის გამოც საბანკო ზედამხედველობის მოდელში ცვლილებები უნდა შევიდეს. ბალვანერა საქართველოში არსებულ საბანკო სისტემაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საბანკო სისტემა საქართველოში გამოირჩევა პროფესიონალიზმით, გამჭვირვალობითა და კარგი მმართველობით. “გულწრფელად გითხრათ, საბანკო სისტემა ის სფეროა, რომელიც EBRD-მა საქართველოსთან ერთად შექმნა. ჩვენ განვაგრძობთ ქვეყანაში არსებული ბანკების უმრავლესობის მხარდაჭერას. როგორც გითხარით, საბანკო სისტემა საქართველოში გამოირჩევა პროფესიონალიზმით, გამჭვირვალობითა და კარგი მმართველობით. ამიტომ ვერ ვხედავ მისი გაკრიტიკების საფუძველს. მეტიც, საქართველო უნდა ამაყობდეს გამართული საბანკო სისტემით“,-აღნიშნავს ბალვანერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები