ყაზახეთში ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმატებულ გასტროლთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა
4 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმატებულ გასტროლთან დაკავშირებით ყაზახეთში. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, ბალეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ერისთავი, ოპერის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან მაცაბერიძე და ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი ალექსანდრე მოწონელიძე უძღვებოდნენ.
29 მაისს ყაზახეთის რესპუბლიკაში ასტანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს უმასპინძლა. ერთობლივი გალაკონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. გალაკონცერტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი ხელმძღვანელობდა. პროგრამაში იყო ქართველი და ევროპელი კლასიკოსი კომპოზიტორების (ზ.ფალიაშვილი, ო.თაქთაქიშვილი, ჯ.პუჩინი, ჟ.ბიზე, ჟ. ვერდი) ნაწარმოებები. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასმა იური პოსოხოვის ერთმოქმედებიანი ბალეტი „საგალობელი“ შეასრულა. კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული საოპერო და საბალეტო ხელოვნების წამყვანი სოლისტები, ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და „ასტანა ოპერას“ ორკესტრი. გალაკონცერტს ზაზა აზმაიფარაშვილი დირიჟორობდა.