Kavkaz Jazz Festival 2015 – პრესკონფერენცია გაიმართა

4 ივნისს, კულტურის სამინისტროში მეექვსე Kavkaz Jazz ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური და ფესტივალის დირექტორი ელენე მეჩითოვა გაუძღვნენ.
პრესკონფერენციას ასევე დაესწრნენ თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი, იოანა სლოვინსკა – ფესტივალის მონაწილე პოლონეთიდან და აფგან რასული – ფესტივალის მონაწილე აზერბაიჯანიდან.
წლევანდელი ფესტივალი ეთნოჯაზს ეძღვნება. 4 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით, ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და სომხეთიდან. ფესტივალის ფარგლებში დამწყები ჯაზმუსიკოსებისთვის დაგეგმილ მასტერკლასებს ამერიკული ჰიპ-ჰოპ/სოულ ჯგუფის Dangerflow -ის წევრები გაუძღვება.
Kavkaz Jazz Festival ერთადერთი არაკომერციული ჯაზ-ფესტივალია საქართველოში, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ჯაზის განვითარებას, შემსრულებლებს შორის კულტურულ დიალოგსა და მათ დაახლოებას. ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება, ამ პეროდის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა 60-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ.თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის პარტნიორები არიან აშშ საელჩო თბილისში და თურქული კულტურის ცენტრი Yunus Emre. პროექტის ორგანიზატორია – არასამთავრობო ორგანიზაცია „Art Bridge“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები