საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება
დღეს, 19:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო თელავის სახელმწიფო თეატრში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ოფიციალურ გახსნას დაესწრება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: „საქართველოს ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილები“, ანსამბლები „რუსთავი“, „ერისიონი“, „ბასიანი“, „ქართული ხმები“ (უფროსი თაობა), „წინანდალი“ და სახალხო მთქმელი ნოდარ ოდიშელიძე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ატარებს „საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს“. ფესტივალი მოიცავს: ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. ფესტივალი ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას, საზოგადოებისათვის გაცნობას.
გამოიცემა DVD ალბომი – „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“. ფესტივალში აქტიურად ჩაერთვებიან ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, ქორეოგრაფ-ქორეოლოგები, ეთნოგრაფ-ეთნოლოგები, მკვლევრები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ-რეგენტები, მოცეკვავეები, ავტორ-მთქმელები, მთქმელები, ხალხური რეწვის ოსტატები. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსსა და ეთნიკურ ჯგუფს.