Kavkaz Jazz Festival 2015 – პრესკონფერენცია გაიმართება

4 ივნისს, 13:00 საათზე, კულტურის სამინისტროში მეექვსე Kavkaz Jazz ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური და ფესტივალის დირექტორი ელენე მეჩითოვა გაუძღვებიან.

პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან: თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი, იოანა სლოწინსკა – ფესტივალის მონაწილე პოლონეთიდან და აფგან რასული – ფესტივალის მონაწილე აზერბაიჯანიდან.

წლევანდელი ფესტივალი ეთნოჯაზს ეძღვნება. 4 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით, ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და სომხეთიდან.

ფესტივალის ფარგლებში დამწყები ჯაზმუსიკოსებისთვის დაგეგმილ მასტერკლასებს ამერიკული ჰიპ-ჰოპ/სოულ ჯგუფის Dangerflow -ის წევრები გაუძღვებიან. Kavkaz Jazz Festival ერთადერთი არაკომერციული ჯაზფესტივალია საქართველოში, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ჯაზის განვითარებას, შემსრულებლებს შორის კულტურულ დიალოგსა და მათ დაახლოებას.

ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება, ამ პეროდის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა 60-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის პარტნიორები არიან აშშ საელჩო თბილისში და თურქული კულტურის ცენტრი Yunus Emre. პროექტის ორგანიზატორია – არასამთავრობო ორგანიზაცია „Art Bridge“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები