მერკელი – ებოლა, ისლამისტები და რუსეთი მსოფლიოს სამი მთავარი საფრთხეა
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მსოფლიოს სამ ძირითად საფრთხეს შორის ვირუსი ებოლა, „ისლამური სახელმწიფო“ და რუსეთი დაასახელა. ამის შესახებ „ეხო მოსკვი“ იუწყება.
მერკელის თქმით, 7-8 ივნისს, „დიდი შვიდიანის“ შეხვედრაზე რუსეთი მსოფლიოს მთავარ საფრთხეებს შორის იქნება განხილული. „ვინ იფიქრებდა, რომ „ცივი ომის“ დასრულებიდან 25 წლის შემდეგ ევროპაში მშვიდობა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დარღვეული იქნება“, – განუცხადა მერკელმა გამოცემა „იომინურის“.
ამის შემდეგ ძირითად საფრთხეებს შორის მერკელმა დაასახელა ებოლას ვირუსის გავრცელება და „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედება.
მერკელის ამ განცხადებამ კრემლის აღშფოთება გამოიწვია. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ყირიმი თავისი ნებით გამოეყო უკრაინას.
„ რეფერენდუმის გადაწყვეტილება ყირიმის ლეგიტიმურად არჩეულმა ორგანომ მიიღო“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, მსოფლიო წესრიგს ყირიმის მიერთება კი არ უქმნის საფრთხეს, არამედ უკრაინაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, რომელიც დალოცა დემოკრატიულმა ევროპამ.
შეგახსენებთ, რომ მერკელმა რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების გადაწყვეტილება ადრეც გააკრიტიკა, გერძოდ, 10 მაისს მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ მერკელმა ამ ფაქტს „დანაშაულებრივი ანექსია“ უწოდა.