საქართველო სტამბოლის ბიენალეზე – ავსტრიელი კურატორის შეხვედრა ქართველ ხელოვანებთან
3 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ცნობილი ავსტრიელი კურატორი, მწერალი და რედაქტორი გეორგ შოლჰამერი შეხვედრას გამართავს ქართველ ხელოვანებთან.
გეორგ შოლჰამერი თბილისში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით იმყოფება და 2015 წლის სტამბოლის ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენ ხელოვანებს შეარჩევს.
ქართული პავილიონის კურატორი სტამბოლის ბიენალეზე სწორედ გეორგ შოლჰამერი იქნება. სტამბოლის ბიენალესთვის შერჩეული პროექტი 2015 წლის კიევის ბიენალეზეც იქნება წარმოდგენილი.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში ავსტრიელი სტუმარი მოინახულებს ქალაქში არსებულ თანამედროვე ხელოვნების სივრცეებსა და გალერეებს. სტამბოლის რიგით მე-14 ბიენალე 5 სექტემბერს დაიწყება და 1 ნოემბრამდე გასტანს. პავილიონები ქალაქის სხვადასხვა სივრცეში იქნება წარმოდგენილი. სტამბოლის მე-14 ბიენალეს კურატორი და კონცეფციის ავტორი კეროლაინ კრისტოფ-ბაკარგიევია.
ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ვიზუალური ხელოვნების სფეროში მოღვაწე ორმოცდაათზე მეტი არტისტის ახალ ნამუშევარს აერთიანებს. სტამბოლის ბიენალეს კონცეფცია: „ზღვისწყალი – თეორია ფიქრების ფორმების შესახებ, რომელიც სიმბოლიზმით, ანოლოგიით და პარალელებით საუბრობს გონების მუშაობის შესახებ, მის როგორც, ხილულ, ზედაპირულ ფორმებზე, ასევე მასში მიმდინარე სიღრმისეულ, უხილავ პროცესებზე. ბოსფორის სრუტეზე მდებარე ქალაქის მასშტაბით მიმდინარე პროექტი განიხილავს ზღვის ტალღების მრავალფეროვნებასა და სიხშირეს, წყლის დინებასა და სიმკვრივეს, ხილულსა და უხილავს, როგორც სამყაროს პოეტური და პოლიტიკური ფორმაციის დეტერმინანტს. ხელოვნების მეშვეობით ადამიანი გლოვობს, იხსენებს, იშუშებს იარებს, აძლევს საკუთარ თავს სიხარულისა და სიცოცხლის უფლებას“.