თბილისის თანამედროვე ცეკვის სამხრეთკავკასიური ფესტივალი გაიმართება

3 ივნისს, 14:00 საათზე რუსთაველის თეატრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება თბილისში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალის პრესკონფერენციას.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები, შვეიცარიელი ქორეოგრაფი ნიკოლას კანტიონი, ფესტივალის დირექტორი თამარ გურჩიანი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე.
ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ორ ძირითად მიმართულებას: თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას. ფესტივალი სისტემატურად ატარებს მასტერკლასებს ქორეოგრაფიასა და თანამედროვე ცეკვაში, იწვევს უცხოელ ქორეოგრაფებს საქართველოში დადგმების განსახორციელებლად, ხელს უწყობს ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ და ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული დასების გასტროლებს. ფესტივალის თბილისში ჩატარების იდეა 2012 წელს გაჩნდა და ის საქართველოში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარებასა და შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას ემსახურება. ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა ცვლილებებისთვის“, რომლის მიზანიცაა დიალოგისა და ინტერაქციის გაღრმავება, კულტურის როლის, როგორც სოციალური ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შვეიცარიის თაანმშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, შვეიცარიის კულტურის ფონდი პრო ჰელვეცია, აღმოსავლეთ ევროპის საშემსრულებლო ხელოვნების პლატფორმა, ქალაქ ლუბლინის მერია. პროექტის პარტნიორები არიან ევროპის სახლი, გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი, რუსთაველის თეატრი, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი. ფესტივალის სპონსორია: ღვინის კომპანია „ბადაგონი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები