უნიკალური აღმოჩენა ხელვაჩაურში
კახიძეების საგვარეულო კარმიდამოში, სოფელ კაპნისთავში უნიკალური მარანი იპოვეს. არქეოლოგები ადგილზე ორი კვირაა მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, მარანი შუა საუკუნეების არის. ისტორიკოსების განცხადებით, მარნის მეპატრონე შეძლებული იყო, რადგან საცხოვრებელი სახლი ქვის ფუნდამენტით არის აშენებული. რაც შეეხება ქვევრებს, სულ 11-ია და ისინი ქართული და ბიზანტიური ნაკეთობებია. ყველაზე დიდი, სავარაუდოდ, ნახევარ ტონა ღვინოს იტევს. „დღევანდელი ობიექტი არის ორმაგად საინტერესო. პირველი ის, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება აჭარის რეგიონში მეღვინეობის მრავალსაუკონოვანი ტრადიცია და, მეორე მხრივ, ის არქეოლოგიური მნიშვნელობა, რაც აქვს აჭარის რეგიონს“, – ამბობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი მირანდა ჩარკვიანი.