სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროექტების პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროექტების პრეზენტაციას დაესწრებიან.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენის პროგრამა ამოქმედდა. 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით და მთავრობის მხარდაჭერით იწყება ზუგდიდის დადიანების სასახლის კომპლექსის ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული – ნიკოს სასახლის და საგანგებოდ რთულ მდგომარეობაში არსებული – სენაკის ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია.
წლის ბოლომდე ასევე მომზადდება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სრული საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც 22 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროექტისგან შედგება და ნოქალაქევის სრულ კვლევა-კონსერვაციას, ახალი მუზეუმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას დაედება საფუძვლად. ასევე ზაფხულში დაიწყება ნიკო ნიკოლაძის კოშკის სრული რეაბილიტაცია ფოთში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით უკვე მომზადებულია დადიანების სასახლის ბოტანიკური ბაღის საპროექტო დოკუმენტაცია და ასევე მზად არის სასახლის მთავარი ნაგებობის – ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა და იკომოს საქართველოს მიერ განხორციელდა. ამ ეტაპზე, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრების დაცვისა და გადარჩენის მიზნით, 2014 წელს დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაო პროცესები განახლებულია და მიმდინარეობს სქურის ტაძრისა და ნოღას ციხე კომპლექსის რეაბილიტაცია, ასევე ჩაჟაშის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – შუა საუკუნეების ისტორიული სოფლის კონსერვაცია და მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე კოშკისა და მაჩუბის რეკონსტრუქცია.