ფესტივალი „ნიქოზი 2015″ გაიმართა
1 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიქოზში (საკათედრო ტაძარში) გაიხსნა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული საეკლესიო გალობის ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალი „ნიქოზი 2015″.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გახსნა. „ნიქოზი 2015“-ში მონაწილეობდა 500-მდე ბავშვი და მოზარდი. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ფესტივალს დაესწრნენ ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ-რეგენტები, ხალხური რეწვის ოსტატები და სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ფესტივალის პარალელურად გაიმართა გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა გამოფენა. „ნიქოზი 2015“-ის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედების წარმოჩენა, ხელშეწყობა; ფოლკლორულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა; ახალგაზრდა ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების ხელშეწყობა; გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისება და პოპულარიზაცია; მომავალი თაობის კეთილგანწყობის, ერთიანობის, თანადგომისა და სოლიდარობის წარმოჩენა. ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, გორის მუნიციპალიტეტი, ფონდი „ქართული გალობა“, კოპანია „კასტელ-ჯორჯია”, კომპანია „ბორჯომი” და „დუგლაძეების ღვინის კომპანია”.