ილიაუნის თეატრში სპექტაკლის „სკაპენის ოინები“ პრემიერა გაიმართება
3, 4 და 7 ივნისს ილიაუნის თეატრში მიმდინარე სეზონზე ბოლო, მეხუთე ჟან–ბატისტ მოლიერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „სკაპენის ოინები“ პრემიერა გაიმართება. კლასიკას ილიაუნის თეატრში ამჯერად რეჟისორმა გოგა ქაჩიაბაიამ მიმართა.
სპექტაკლში „სკაპენის ოინები“ ილიაუნის თეატრის მსახიობები გიორგი მახარაძე, კახა გოგიძე, მაკა შალიკაშვილი, დავით დავითულიანი, ანდრია ვაჭარიძე და ზურაბ გაბუნია თამაშობენ. ასევე, სპეციალურად „სკაპენის ოინებისთვის“ სამი მსახიობი – გიორგი შავგულიძე, ნინი არჩაია და პაატა კიკვაძე ილიაუნის თეატრმა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან მოიწვია.
სპექტაკლის მხატვარი ლევან ჭიჭინაძეა. პიესა „სკაპენის ოინები“ კომედია დელ’არტეს კლასიკურ სქემას მიჰყვება და „10 ძირითადი ნიღბისგან“ შედგება: ორი შეყვარებული ბიჭი, რომელნიც მამების რისხვას გაურბიან, ორი მშვენიერი, მაგრამ გაურკვეველი წარმომავლობის, ღარიბი გოგო, ორი მდიდარი მამა, რომელნიც სახლში ბრუნდებიან, რათა შეყვარებული ბიჭები სულ სხვა გოგოებზე დააქორწინონ, მსახური, კაპიტანი, მოახლე ქალი და ყოვლისშემძლე სკაპენი, რომელიც ორ წუთში ახვევს თავბრუდამხვევ ოინებს, რათა დაამარცხოს სიძუნწე, დაეხმაროს შეყვარებულ ბიჭებს, ბედნიერება გაამეფოს ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქ ნეაპოლში და თეატრალური დარბაზი სიცილსა და მხიარულებაში გახვიოს. სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.