ანსამბლ „რუსთავის“ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

დღეს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. კონცერტი ფონდ „იავნანას“ მხარდასაჭერად და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმართება. შემოსული თანხით ფონდი „იავნანა“ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს საკუთარ სახლს შეუძენს.
ანსამბლი „რუსთავი“ 1968 წელს შეიქმნა. არსებობის მანძილზე ანსამბლმა 4000-მდე კონცერტი გამართა, წარმატებით მოიარა მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა, კონცერტებს მართავდა ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა პარიზის „ოლიმპია“, „მოგადორი“ და „ფლეიერის თეატრი“, ლონდონის „ალბერტ ჰოლი“, მოსკოვის დიდი თეატრი, სანკტ-პეტერბურგის, ვენის, ამსტერდამის, ნიუ-იორკის, ტოკიოს, ქაიროს, რომის, შანხაის, ბერლინის და მსოფლიოს სხვა ქალაქების დიდი საკონცერტო დარბაზები ოვაციებით აჯილდოვებდნენ „რუსთავის“ საშემსრულებლო ხელოვნებას. სახელმწიფო აკადემიური ანსამბლს სხვადასხვა დროს ფირფიტებისა და კომპაქტური დისკების სახით ჩაწერილი და გამოშვებული აქვს 700-მდე ქართული ხალხური სიმღერა-საგალობელი და მათი განსხვავებული ვარიანტები. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, ქალაქის საკრებულოსა და გაეროს ბავშვთა ფონდ „იუნისეფის“ ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები