საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის შექმნის იდეით გამოდის
გუშინ, ლონდონში „ქრისტის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით“ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მილიონნახევარ დოლარად შეიძინა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ნამუშევარი საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა და მისი ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.
შეგახსენებთ, ქრისტის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით“ წარმოდგენილი იყო, როგორც რუსული არტი. ცნობილი ტილოს გაყიდვას 1 256 800-დან 1 885 200 დოლარამდე ვარაუდობდნენ. ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ 1957 წელს ცნობილ ფრანგ პოეტს ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს, რის შემდეგაც ის ორჯერ გაიყიდა, ბოლო მფლობელმა ნახატი ლონდონის აუქციონზე 2010 წელს იყიდა, ახლა კი ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ საქართველოს უბრუნდება. აუქციონის ჩატარებამდე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართავდნენ, გამოეყენებინათ შესაძლებლობა, რომ ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის უნიკალური ნახატი საქართველოს დაბრუნებოდა. ფიროსმანის ნამუშევარი რომ საქართველოში დაბრუნებულიყო, ქართველმა მუსიკოსებმა და ხელოვანებმა აქციაც წამოიწყეს.
„ფიროსმანის ნამუშევრის „ქრისტის“ აუქციონზე რუსული კოლექციით გატანის ფაქტმა საზოგადოების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა იმითაც, რომ პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი პირადად იყო ჩართული იგივე აუქციონზე აივაზოვსკის ლოტის საკითში (ნამუშვარი იყო მოპარული და არ უნდა მოხვედრილიყო აუქციონზე). აღნიშნულმა ფაქტმა მექანიკურად დაბადა უკმაყოფილება საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, რამეთუ ბოლო მომენტამდე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. შეიძინა რა პოლიტიკური ელფერი, საზოგადოება აქტიურად დაუპირისპირდა საკუთარი მთავრობის უყურადღებობას! ყოველივე ეს, იმთავითვე მაფიქრებდა იმას, რომ ქართული ბიზნესი ყურადღების გარეშე არ დატოვებდა ფიროსმანის ნამუშევარს. ასეც მოხდა. მან, ვის სახელთანაც არის დაკავშირებული თანამედროვე სახვითი ხელოვნების საკმაოდ ფართო კოლექციის შექმნა, შეიძინა ნამუშევარი. ვგულისხმობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. „არსენალის მთა ღამით“ დაუბრუნდა საქართველოს. მართალია კერძო კოლექციის ფორმით, მაგრამ ესეც მაფიქრებინებს იმას, რომ ის დაიდებს ბინას ეროვნული მუზეუმის ფიროსმანის კოლექციაში. აქვე ჩნდება ძალიან საინტერესო იდეა ქართული სახელმწიფოსა და ქართული ბიზნესისათვის. აუცილებლად შესაქმნელია თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი და ფიროსმანის მუზეუმი. ეს იდეა ქართული საზოგადოების წინაშე მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე მუსირებდა. არსებობს არქიტექტურული პროექტებიც. აღნიშნული ფაქტი გადაფარავს იმ დანაშაულებრივ უყურადღებობას, რასაც სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელი 25 წლის მანძილზე განიცდის ქართული თანამედროვე სახვითი ხელოვნება…“ – ამბობს საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე.