მსჯავრდებულ ვალერი სარიას ოჯახის წევრები დახმარებისთვის მთავარ პროკურორს მიმართავენ

25 წლის მსჯავრდებულის ვალერი სარიას ოჯახის წევრები დახმარებისთვის საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავენ. როგორც სარიას დედამ ევა შანავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განცხადა, მისი შვილის მძიმე დაავადების გამო, ის პროკურატურას მსჯავრდებულთან საპროცესო გარიგების გაფორმებას, მთავრ პროკურორ გიორგი ბადაშვილს კი მისი შვილის საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.
„შვილი დაავადებულია სარკომის უმძიმესი დაავადებით და ერთი ფეხი ამპუტირებული აქვს. მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ უარი განაცხადა ვალერი სარიასთვის საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა, რის გამოც დღეს ჩემი ერთადერთი შვილი, რომელიც სარკომის უმძიმესი ფორმით არის დაავადებული, პატიმრობაში იმყოფება. ახლახანს მეორე ჯანმრთელ ფეხზეც ოპერაცია ჩაუტარდა და 5 ჯირკვალი ამოაჭრეს. ძალიან ვთხოვ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს, გაითვალისწინოს ჩემი შვილის მდგომარეობა, პირად კონტროლზე აიყვანოს საქმე და გაფორმდეს მასთან საპროცესო გარიგება“, – აღნიშნა ემა შანავამ.
სარიას ოჯახი პროკურატურისგან საპროცესო გარიგების გარდა, მისი ბრალის გადაკვალიფიცირებასაც მოითხოვს. როგორც სარიას ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, სარიას ბრალი იარაღის შეძენა, შენახვა, გადაზიდვაში ედება. ადვოკატის განცხადებით, საქმე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ბრალდებულის აღიარებით ჩვენებაზეა აგებული, სადაც ის ადასტურებს, რომ ავტომობილიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მისია, თუმცა ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს იარაღის გადაზიდვის ფაქტს. მისი თქმით, ბრალი იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარების მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს.

„ვალერი სარიას საქმე არის შერჩევითი სამართლის ტიპიური ნიმუში, მნიშვნელოვანია თავად პროკურატურის არაკვალიფიციური მიდგომა და სასამართლოს ზერელე დამოკიდებულება ადამიანის ბედის მიმართ. თავი დავანებოთ იმას, რომ ჩხრეკა და ამოღება კანონის დარღვევით არის ჩატარებული, ასევე არაფერს ვიტყვით იმაზეც, რომ მანქანის საჭესთან სხვა პიროვნება იჯდა და შესაბამისად, ის რომ სწორედ ვალერი სარიას ეკუთვნოდა ეს იარაღი, გარდა მისივე აღიარებისა, სხვა არაფრით დასტურდება. ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის ზუგდიდის რაიონული პროკურატურის კატეგორიული უარი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, მაშინ, როდესაც ყველა სტანდარტი არსებობდა, რომ ასეთი შეთანხმება გაფორმებულიყო. ვალერი სარიამ დაკავებისთანავე აღიარა ბრალდება. წარსულში არ არის ნასამართლევი. ადმინისტრაციული სახდელიც კი არ აქვს დადებული. ვთხოვთ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე. დღეს ეს საქმე უზენაეს სასამართლოშია წარდგენილი და იმედს ვიტოვებთ, რომ ზემდგომი ინსტანიცია საჩივარს დასაშვებად ცნობს და ვალერი სარიას ბრალდებას სწორ კვალიფიკაციას მისცემს“, – აღნიშნა ამირან გიგუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები