ნინო გვენეტაძემ მოსამართლის დღე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს პირადად მიულოცა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლის დღე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს პირადად მიულოცა. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ნინო გვენეტაძე სამივე კოლეგიის მოსამართლეებს შეხვდა და პროფესიული დღის მილოცვის შემდეგ მოსამართლეებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ნინო გვენეტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 18 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე, სადაც ფართო მსჯელობის საგანი გახდება მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ამ განხილვებში მონაწილეობისკენ ყველა მოსამართლეს მოუწოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები მოწონებით შეხვდნენ უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნას. მოსამართლეების განცხადებით, ამ საბჭოს ფორმატში შესაძლებელი იქნება მოხდეს სასამართლო პრაქტიკის ანალიზი და პრობლემური საკითხების ექსპერტულ დონეზე განხილვა.
შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა რიცხოვნობის გაზრდასა და საქალაქო სასამართლოს შენობის გაფართოების აუცილებლობაზე გაახვილა ყურადღება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეების, თანაშემწეებისა და სასამართლოს მომსახურე პერსონალის სამუშაო პირობებიც დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები