ილია მეორე: საქართველოს სურს, გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ავსტრიის პრეზიდენტ ჰაინს ფიშერს, ავსტრიის პრეზიდენტის მეუღლეს მარგის ფიშერს და ავსტრიის დელეგაციის წევრებს საპატრიარქოში უმასპინძლა.
პატრიარქმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი, რაც ძალიან მტკიცეა არჩევანი და ამას საქართველო აუცილებლად მიაღწევს.
“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შედგა თქვენი ვიზიტი საქართველოში. დიდად ვაფასებთ თქვენს ისტორიას, კულტურას ვიცნობთ კარგად. თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან დარღვეულია საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა, ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და იქიდან ვიყავი არჩეული საქართველოს პატრიარქად. ამიტომ ჩემთვის მტკივნეული საკითხია აფხაზეთი და ცხინვალი, ეს არის ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და ვფიქრობთ, რომ ვიზიტი იქნება დასაწყისი ახალი ურთიერთობისა საქართველოსა და ავსტრიას შორის”, – აღნიშნა უწმინდესმა.
თავის მხრივ, ავსტრიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს მისთვის, მისი მეუღლისა და დელეგაციის წევრებისათვის დიდი პატივია.