მაკედონიაში დემონსტრანტებმა „კარვების ქალაქი“ გაშალეს (ფოტოკოლაჟი)
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ნიკოლა გრუევსკის გადადგომას მოითხოვენ, მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს. ოპოზიციის წარმომადგენელმა ზორან ზაევმა „ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიტინგის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადადგომამდე დაშლას არ აპირებენ. ოპოზიცია ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. ის მთავრობის გადადგომას და არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. გრუევსკის მთავრობა ამ ბრალდებებს უარყოფს. მიუხედავად ამისა, გასულ კვირას მაკედონიის მთავრობის ორმა მინისტრმა, ასევე უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობები დატოვეს.