საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის პროექტის პრეზენტაცია “კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში” გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორწლიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლური პარტინიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში და მისი განხორციელება 2013 წლის 15 ნოემბერს დაიწყო. პროექტის მთავარი ბენეფიციარები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი. პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ინსტიტუციური განვითარების სამი ასპექტის გაძლიერების გზით. საგარეო ურთიერთობებზე მომუშავე ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლება, სასწავლო ცენტრის განვითარება, მისი თანამშრომლებისა და ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლება და კურიკულუმების შექმნა, სასწავლო ცენტრის პოპულარიზაცია და მისი, როგორც დიპლომატიური სკოლის სტატუსის გაძლიერება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. საგარეო საქმეთა სამინისტროში, პროექტის პრეზენტაციას სხვადასხვა სამინისტროებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ბორის იაროჩევიჩი და პროექტის ექსპერტი, ეკე ნომი. ევროკავშირის პროექტის პრეზენტაციაზე მიმოიხილეს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები, რომლებმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს 2013 წლის 28-29 ნოემბერს ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების ინიცირების შემდეგ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, რომელსაც სათავეში უდგას ევროპის კოლეჯი (ბრუგე), ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან (ტალინი) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდთან (თბილისი) ერთად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები