თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში კონცერტი გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თემქის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ჯაბა სამუშიას ორგანიზებითა და დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში „მოძრავი ფილარმონიის “ კონცერტი გაიმართა.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომღერლები: ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, თემურ წიკლაური, ზურაბ კობეშავიძე და ზურაბ დოიჯაშვილი მსმენელის წინაშე ძველი და ახალი რეპერტუარით წარდგნენ, ხოლო ილუზიონისტმა ზურაბ ვადაჭკორიამ, თავისი ნომრებით, წარმოდგენას ჯადოსნური ელფერი შესძინა.
ჯაბა სამუშიას თქმით, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება და ამით საფუძველი ჩაეყრება კიდევ ერთ კულტურულ ტრადიციას, რომელიც მომავალში თბილისის ყველა უბანს მოიცავს. ღონისძიებას, მოხუცებთან ერთად, თემქის მოსახლეობაც ესწრებოდა. თბილისის მერიისა და „მოძრავი ფილარმონიის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსგავსი ღონისძიებები დედაქალაქის სხვა უბნებშიც ჩატარდა.