„ტერიტორიაზე, სადაც „პანორამა თბილისი“ უნდა განხორციელდეს, „წითელ წიგნში“ შეტანილი სახეობების მცენარეები არ არსებობს“
ეკოლოგი ჯუღული ახვლედიანი, რომელიც „პანორამა თბილისის“ მშენებლობის და მისი ექსპლუატაციის ფაზებში პროექტის შესაძლო ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით საფრთხეებს, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დაახლოებით 4 თვის განმავლობაში სწავლობდა, პროექტის მცენარეულ საფარზე ზემოქმედებაზე საუბრობს.
როგორც ახვლედიანმა განმარტა, ეკოლოგებმა პროექტის შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება მცენარეულ საფარზე ზემოქმედების კუთხით გაამახვილეს. ჯუღული ახვლედიანის თქმით, ტერიტორიაზე, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს, „წითელ წიგნში“ შეტანილი სახეობების მცენარეები არ არსებობს, შესაბამისად, მათ მოჭრას საფრთხე არ ემუქრება.
„გავლენის ზონაში, ანუ სადაც აღნიშნული პრექტის განხორციელებისას სამუშაოები ჩატარდება, „წითელ წიგნში“ შეტანილი ჯიშის ხეები ან ენდემური სახეობა არ გვხვდება. იქ უმეტესად არის ხელოვნურად გაშენებული ელდარის ფიჭვი, დათვლილია, თუ რამდენი ეგზემპლარი ხე შეიძლება მოიჭრას მშენებლობის პროცესში, იქ სულ 3 000 – მდე ელდარის ფიჭვი გვხვდება, პროექტის ფარგლებში კი მხოლოდ რამდენიმე ათეული მათგანის მოჭრა გახდება საჭირო, მათი ნაწილი კი უკვე გამხმარია. პროექტში ჩადებულია, რომ პირიქით, განაშენიანება უნდა მოხდეს. ამასვე ითვალისწინებს ჩვენი რეკომენდაციაც“, – აცხადებს ეკოლოგი ჯუღული ახვლედიანი.
რაც შეეხება პროექტის უარყოფით მხარეებს, ჯუღული ახვლედიანის თქმით, პროექტს განსაკუთებული გარემოსდაცვითი რისკი არ ახასიათებს, თუმცა, მისი თქმით, ბუნებრივია, ყველა პროექტის მსგავსად, მცირე ნაკლოვანებები აღნიშნულ პროექტსაც აქვს. ახვლედიანის თქმით, პროექტის ექსპლუატაციის ფაზაზე მოსალოდნელია სატრანსპორტო ნაკადების მატება, რის გამოც ეკოლოგებმა პროექტის ფარგლებში ალტერნატიული გზების დაპროექტების და განხორციელების თაობაზე რეკომენდაციები გასცეს.
„მშენებლობის პროცესში ადგილი ექნება მტვრის გავრცელებას, გამოიწვევს ასევე სატრანსპორტო ნაკადების გადატვირთვას, იქნება სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების პრობლემა. რეკომენდაციებია ჩადებული სასტუმროს კომპლექსისა და წავკისის ხევის მდინარის ურთიერთმიმართებაში, რომ კომპლექსმა მდინარის დინების რეჟიმს ხელი არ შეუშალოს, ან პირიქით არ მოხდეს-მდინარის ზემოქმედება პროექტზე.
ექსპლუატაციის ფაზაზე მოსალოდნელია სატრანსპორტო ნაკადების მატება – ერთ შემთხვევაში საათის განმავლობაში 30 მანქანით მეტი იქნება ნაკადი, მეორე შემთხვევაში კი – საათში მაქსიმუმ 50 მანქანით მეტი. ჩვენ გვიწერია დასკვნაში, რომ სატრანსპორტო ნაკადების გადატვირთვის კუთხით კოჯრის გზის სერიოზული პრობლემა არსებობს. დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს წავკისის, კოჯრის თუ ოქროყანის მიმართულებით მშენებლობები. ტენდენცია არის, რომ პროექტის გარეშეც ძალიან გართულდება იქ არსებული სატრანსპორტო ნაკადების მდგომარეობა, აქედან გამომდინარე, რეკომენდაცია არის ჩადებული ალტერნატიული გზების დაპროექტების და განხორციელების თაობაზე და, როგორც ვიცი, ალტერნატიული გზების მოწყობის გარკვეული მონახაზი უკვე არსებობს“,- აღნიშნა ჯუღული ახვლედიანმა.
თანაინვესტირების ფონდი სოლოლაკის ფერდობზე პროექტ „პანორამა თბილისის“ განხორციელებას გეგმავს. პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. პროექტი „პანორამა თბილისი“ უპრეცედენტოა იმით, რომ ის ქმნის 4 მრავალფუნქციური კომპლექსის (1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და ერეკლე II-ს მოედანი) ერთობლიობას და აკავშირებს მათ საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით, რაც დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც უზრუნველყოფს კომპლექსებს შორის ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, გარეთ გაუსვლელად გადაადგილებას. როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში 30 ათასი ხე დაირგვება.