“ანდორაში, მაღალმთიანი კულინარიის ფესტივალში საქართველოს მონაწილეობა ქვეყნის მთის კულინარული კულტურის უნიკალურობას უსვამს ხაზს”- ქეთი კვიჭიძე
ანდორაში მაღალმთიანი კულინარიის ფესტივალი იმართება, რომელშიც ქართველი შეფებიც მონაწილეობენ. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირასთან” საუბრისას “გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის” დამფუძნებელმა, ქეთი კვიჭიძემ განაცხადა.
მისი თქმით, Andorra Taste ფესტივალი მსოფლიო მნიშვნელობის შეფებს, კულინარიულ ინოვაციებსა და მთის სამზარეულოს ტრადიციებს აერთიანებს.
“პროფესიონალი შეფების მონაწილეობა, იდეეების და ტექნიკების გაზიარება ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია. ფესტივალზე მიწვეულია “გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის” დამფუძნებელი, შეფი დადუნა ღლონტი , რომელსაც ასისტენტობას შეფი ირაკლი თოდაძე უწევს. ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად მოწვეული 100 სტუმრისთვის გალა ვახშამი გაიმართა. ქართველმა შეფებმა, დადუნა ღლონტმა და ირაკლი თოდაძემ მთის კალმახი ღანძილის და ნიგვზის სოუსში ქაცვის ქაფით მოამზადეს.
პროფესიონალური პროგრამა 17–21 სექტემბერს იმართება. პროგრამა ფართო საზოგადოებისთვის ქუჩის დეგუსტაციებს, show cooking-ებს მუსიკალურ საღამოებს და კულტურული აქტივობებს მოიცავს.
ფესტივალში საქართველოს მონაწილება ქვეყნის მთის კულინარული კულტურის უნიკალურობას და საერთაშორისო პროცესში ინტეგრაციას უსვამს ხაზს.
საქართველო, ტექნიკურად და კულტურულად მაღალ მთიანი სამზარეულოს ერთ-ერთ რეგიონად გამორჩეულად პოზიციონირდება. ქართული მწვადი, ხინკალი, ყველი და მთის მცენარეებით მომზადებული კერძები ფართოდ აღიქმებიან როგორც მსოფლიოს კულინარული და გემოს მრავალფეროვნების ძეგლები”, – განაცხადა ქეთი კვიჭიძემ “კვირასთან” საუბრისას.
თამუნა შეყილაძე