დაიბადა თბილისში. ხატვა ბავშვობიდან იზიდავდა. შემდეგ კი გადაწყვიტა, ხატვა პროფესიად აერჩია და ჩააბარა სამხატვრო აკადემიის სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტზე. ამბობს, რომ სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა უფრო მეტად მხატვრად, ვიდრე დიზაინერად. 2022 წლის აპრილიდან Gart სტუდიაშია, რომელიც მუშაობს ფოტორეალიზმის მიმართულებით.
„ხატვა მხოლოდ პროფესია ვერასდროს იქნება ჩემთვის და ალბათ ვერც ერთი ხელოვანისთვის. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ჩემთვის ხატვა ჩემს თავთან დარჩენის ყველაზე შთამბეჭდავი, საინტერესო და ფერადი შესაძლებლობაა“, – თვითნასწავლი მხატვრის ქეთევან ჩეკურიშვილის პერსონა.

– ვიზრდებოდი დედასთან და უმცროს დასთან ერთად. 8 წლის ვიყავი, მამა რომ ემიგრაციაში წავიდა.
პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს ბნელი 90-იანებიც, ლამპის შუქზე გატარებული ღამეები და მგონი, ერთ ასეთ ღამეს გადაწყდა, ვინც ვიქნებოდი, როცა ნათლიაჩემი ჩემს გასართობად ცალხაზიანი რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე ლურჯი გაჭვირვალე კალმით გრძელთმიან გოგოს მიხატავდა.
– პირველი ნახატები. როდის გადაწყვიტეთ, რომ ხატვას პროფესიად აირჩევდით?
– ალბათ პირველ კლასში ვიქნებოდი და მაშინ ვფიქრობდი, ნეტა ასე მეც შევძლო ოდესმე-მეთქი. ხატვა გადახატვით დავიწყე. ნახატი ფილმების პერსონაჟებს და წიგნის ილუსტრაციებს ვიმეორებდი. არასდროს მივლია ფერწერაზე, ზედმეტად კარგად ვსწავლობდი სკოლაში, რომ „გასართობი“ გაკვეთილებისთვის დრო დამეთმო, მაგრამ პერიოდულად ჩემთვის ვხატავდი. უფრო ხშირად სევდიანი თუ ვიყავი, თერაპიასავით მოქმედებდა.
აბიტურიენტობის დროს გადავწყვიტე, რომ ხატვა პროფესიად ამერჩია და ჩავაბარე სამხატვრო აკადემიის სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტზე, რომლის ინტერესიც მალევე დავკარგე და უფრო მხატვრად ჩამოვყალიბდი, ვიდრე დიზაინერად.
– მუშაობდით პირად შეკვეთებზე… შემდეგ კი Gart სტუდიაში…
– წლებია ვმუშაობდი პირად შეკვეთებზე, ძირითადად, პორტრეტებზე და ძალიან მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. 2022 წლის აპრილში შევუერთდი Gart სტუდიას, რომელიც მუშაობს ფოტორეალიზმის მიმართულებით. უფრო აქ დაიხვეწა ჩემი ტექნიკა. ვერ ვიტყვი, საბოლოოდ-მეთქი, რადგან ხელოვნებას დასასრული არ აქვს, მაგრამ იმ სირთულეებმა, რაც შემხვდა, დღეს თავდაჯერებულობა მომიტანა ჩემს საქმიანობაში.
– უმეტესად, მუშაობთ აკრილის მასალით...
– ძალიან მენატრება ზეთი და აკვარელი, მაგრამ თითქოს აკრილის კომფორტს ვერ ველევი და ძირითად მასალად ვტოვებ.
დედა სულ მეუბნებოდა რომ რაღაც დიდისთვის გამაჩინა, როგორც ყველა დედა გრძნობს ალბათ თავის შვილს, მაგრამ ამით თითქოს დავალება მომცა, რომ ჩემი თავი ამ რაღაცაში დამენახა და ახლა ზუსტად მაგ პროცესს გავდივარ, დაულაგებელი ქაოსით ჩემს თავსა და შემოქმედებაში, მუდმივ ძიებაში, პოვნასა და დაკარგვაში, რაც რამდენადაც საინტერესოა, იმდენად რთულია, თუმცა ხელოვნებაც ხომ ეგ არის. შენი თავი იპოვო იმაში, რასაც ქმნი და ეგ ერთი შეხედვითაც ვერ იქნება მარტივი.
– ნახატების ძირითადი ნაწილი რეალისტურ ჟანრშია შესრულებული…
– რამდენად ვხედავ ჩემს თავს ამ მიმართულებით სრულად მოცულს, ვერ გეტყვით. ჯერ ისევ ძიებაში ვარ და ვნახოთ, მომავალში რა იქნება. ზუსტად მეც არ ვიცი.
– ერთი ნახატის ისტორია…
– ამ კითხვაზე, პირველი, რაც მახსენდება, ჩემი პირველი მცდელობა იყო, დამეხატა პორტრეტი. ეს იყო მამაჩემი. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები არასდროს გვზღუდავდნენ ჩვენი გადაწყვეტილებების თავისუფლებაში, მამა სულ გვაჩვევდა, რომ ყველაფერს დამსახურება და შრომა სჭირდებოდა.
მე-10 კლასამდე მხოლოდ შავ ფანქარში ვხატავდი. მახსოვს ჩემი პირველი საღებავები და ტილო ნახატით დავიმსახურე. შეაფასა, მოეწონა და მეორე დღესვე მომიტანა მასალები, თან ცალყბად მოაყოლა, რომ ერთ დღეს იქნებ მისი დახატვაც შემძლებოდა.
მეორე დღესვე ჩუმად დავიწყე მისი პორტრეტი. სოფელში ვიყავით. ქვეჩარჩოც კი ჩემით გავაკეთე, ტილოც ჩემით დავგრუნტე და რამდენიმე დღეში, სანამ სახლში მოვიდოდა, შესასვლელი კარის წინ, კედელზე, დავუკიდე. ალბათ არასდროს დამავიწყდება იმ მოუთმენელი ნერვიულობის და შემდეგ სიხარულის შეგრძნება, როცა ნახა და მოეწონა.
ის ნახატი დღემდე იმ კედელზე ჰკიდია. შავ/თეთრი ტილო, მკაცრი გამოხედვის მამაკაცი, პროფილში, წარბებშეკრული იყურება მარჯვენა სივრცეში და თავზე თეთრი ბოხოხი ახურავს (წარმოშობით ფშაველი ვარ და მამა ხშირად ატარებს ბოხოხს მთაში. ასევე ბარშიც).
– რას ნიშნავს ხატვა თქვენთვის?
– ხატვა მხოლოდ პროფესია ვერასდროს იქნება ჩემთვის და ალბათ ვერც ერთი ხელოვანისთვის. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ჩემთვის ხატვა ჩემს თავთან დარჩენის ყველაზე შთამბეჭდავი, საინტერესო და ფერადი შესაძლებლობაა. ხშირად დამიკარგავს დროის, შიმშილის და წყურვილის შეგრძნებაც, უცნაურია და, ყველაზე კარგად მაშინ ვხატავ, როდესაც სევდიან ან ცუდ განწყობაზე ვარ. ძალიან ბევრჯერ დამხმარებია რთულ მომენტებში და დავუცლივარ ემოციებისგან.
ყველაზე საოცარი ის არის, რომ რამხელა ნეგატივიც არ უნდა ტრიალებდეს ზოგჯერ ჩემში, ტილოზე ყოველთვის ლამაზად გადმოდის. ხატვა არის ის ერთ-ერთი პირველი რამ, რაც მეხმარება, მე მე ვიყო…

– მრავალი „ავტოპორტრეტი“ დახატეთ…
– ბოლო ორი წელია, რაც ავტოპორტრეტებზე მუშაობა დავიწყე. დიახ, ერთი არა, ბევრი მაქვს. ზოგი ჯერ კიდევ დაუსრულებელი. პირველად ჩემი თავი რომ დავხატე, სახე არ მიჩანს.
დღემდე შემომრჩა შეგრძნება, რომ ვიღაც სხვას ვხატავ. თან მომეწონა კიდეც, აბა, ამდენს რა დამახატინებდა. ასე პირველი ნამდვილი ავტოპორტრეტი, რომელიც ერთი წლის წინ დავიწყე, დღემდე დაუსრულებელია. ჩემი ფოტოდან ვხატავ და რამდენადაც ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს, ამ ნახატსაც ყველა ჯერზე განსხვავებულად ვაგრძელებ.
ჩემს მეორე გამოფენაზეც ავტოპორტრეტი გავიტანე, რომელშიც ჩემი სამი სახე, განწყობა და ბუნებაა.
– წინასწარ იცით, რა უნდა დახატოთ თუ ხატვის პროცესში იძენს ნახატი სრულყოფას?
– ვაღიარებ, ძალიან დიდი ხანია, პროცესში მოსული შთაგონების ფუფუნება არ მქონია. წინასწარ ვადგენ მონახაზს. ფოტორეალიზმის მიმართულება რაღაც დოზით ითხოვს კიდეც, იცოდე, რას ხატავ. იმის მიუხედავად, რომ დაუგეგმავადაც შემაქვს დეტალები პროცესში, დროთა განმავლობაში ამან ჩარჩოებში მომაქცია და დიდად არ მომწონს, მაგრამ ვაპირებ ამ საკითზე მუშაობას.
– შთაგონება თუ გჭირდებათ?
– ვფიქრობ, შთაგონება სულ გვჭირდება ადამიანებს. მხოლოდ ხატვაში არა. ჩემთვის ეს სხვადასხვა რაღაც ან ვიღაც შეიძლება გახდეს. პროცესი იმდენად მთხოვს მოვერგო, რომ ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს და შევწყვიტო ხატვა. კიდევ ძალიან დიდი და ალბათ პირველი სამეულის ფაქტორია – მუსიკა. უმუსიკოდ ვერ ვხატავ.
– ჰობი…
– ცოტა ჰობი არ მაქვს, ზოგადად, ყველანაირი საინტერესო სიახლისთვის ღია ვარ… მიყვარს წერა. 5 წელი ხდება, რაც დედამ დაგვტოვა და აქტიურად დავიწყე ჩემს შეგრძნებებზე წერა. ხშირად ვინიშნავ ჩემი ფიქრების პატარა ჩანახატებს. კიდევ – არასდროს დავიღლები მოგზაურობით. ვცდილობ წელიწადში ერთხელ მაინც მივცე თავს მეგობრებთან ერთად ხეტიალის უფლება. ხატვას აღარ დავწერ ჰობში…
სხვათა შორის, ძალიან მომწონს კულინარიის პროცესი, იმის მიუხედავად, რომ იშვიათად ვამზადებ, ამბობენ, რომ გემრიელადაც.
– პირველი შემფასებლები?
– პირველი, ვისაც ჩემს ნამუშევრებს ვაჩვენებ, ჩემი და და რამდენიმე ახლო მეგობარია, მათ შორის ჩემივე პროფესიის. პროცესის დასაწყისშივე ვრთავ საქმეში კრიტიკის მისაღებად, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი შემფასებლებამდე, ჩემი 6 წლის დისშვილია, საპატიო სტუმრად რომ მოდის ჩემს გამოფენებზე.
– კომერციული თვალსაზრისით თუ შევხედავთ, იყიდება ნახატები? რამდენად მომგებიანია მხატვრობა?
– არც ისე მარტივად, თუ თავი არ დაიმკვიდრე. ბოლო პერიოდია, კომერციული კუთხითაც მივუდექი ჩემს საქმიანობას და საქართველოში ახლა შემოდის ეს კულტურა მასობრივად. დღემდე უჭირთ იმ შრომის, ენერგიის და რესურსის დაფასება, რასაც ნახატებში ვდებთ.
ყველა ნახატს ჩვენს ნაწილს ვატანთ და ამის ადეკვატურ, ზუსტ შეფასებას ვერც მოვთხოვთ ვინმეს, მაგრამ ხშირად ნაკლებ ღირებულებას ელიან. და არ მაქვს მე საუბარი ათასებზე და ათობით ათასზე. საერთო ჯამში, ფინანსური კუთხით არასტაბილური და უფრო ხარჯიანი პროფესიაა, ვიდრე პირიქით.
– სამომავლო გეგმები….
– უჰჰ, უამრავი. მუშაობა და მუშაობა საკუთარ თავზე და ახალ ტექნიკებზე. პირადი გამოფენების მოწყობა და მომავალში და ვიმედოვნებ, არა ძალიან შორეულში, საკუთარი სტუდია და სახელოსნო.





თამარ შაიშმელაშვილი