თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი საგუნდო მუსიკის კონცერტით გაიხსნა
თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი საგუნდო მუსიკის კონცერტით გაიხსნა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტი ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85-ე წლისთავს მიეძღვნა.
მსმენელის წინაშე გორის ქალთა კამერული გუნდი იოსებ კეჭაყმაძის, იოსებ ბარდანაშვილის, ჯემალ ბეგლარიშვილის, გიორგი ჩლაიძის, დები იშხნელების, ოთარ დიხამინჯიასა და მერაბ გაგნიძის ნაწარმოებებით წარდგა.
ფესტივალის გახსნას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
„დღემდე ვრჩები თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალისა და ელისო ვირსალაძის შემოქმედების თაყვანისმცემლად. ის უდიდესი შემოქმედია და საქართველოსთვის ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 19-25 სექტემბერს გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგებიან: ფესტივალის დამაარსებელი, გამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე, დავიდ ოისტრახის კვარტეტი, პიანისტი ფილიპ ლინოვი, ვიოლონჩელისტი იბაი ჩენი, გორის ქალთა კამერული გუნდი, ამავე გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი თეონა ცირამუა, დირიჟორები – მირიან ხუხუნაიშვილი და კახი სოლომნიშვილი, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის -„ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები. გაიმართება საუბრები მუსიკაზე და მასტერკლასები სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით იმართება.