თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და ყოველწლიური ლიტერატურული პრემია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და მწერალთა სახლის ორგანიზებით, წელს პირველად, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, წელსვე დაწესდება ყოველწლიური ლიტერატურული პრემია, რომლის მიზანიც ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა. ამ თემებთან დაკავშირებით 15 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მწერალთა სახლის დირექტორი ნატაშა ლომოური გაუძღვებიან. ღონისძიებას მწერლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2015 წლის 18-23 მაისს ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევა 25 – მდე უცხოელი მწერალი და პოეტი, მათ შორის ლიტერატურული წრეებისათვის კარგად ცნობილი ბელორუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, უკრაინელი ავტორი სერგეი ჟადანი, ფრანგი მწერალი ფილიპ ბესონი, აგრეთვე, ამერიკელი, გერმანელი, ინგლისელი, იტალიელი და პოლონელი ავტორები. ფესტივალი ხელს შეუწყობს მსოფლიო ლიტერატურული სამყაროს დაინტერესებას ქართული მწერლობით, მეორე მხრივ კი მისცემს შესაძლებლობას ქართველ ავტორებსა და მკითხველს, დაამყარონ უშუალო კონტაქტი თანამედროვე უცხოელ მწერლებთან.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, ფრანგული ინსტიტუტი, აშშ-ს და იტალიის საელჩოები, ბოშის ფონდი, პოლონეთის წიგნის ინსტიტუტი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ, დაწესდება ყოველწლიური ლიტერატურული პრემიაც, რომელიც სხვადასხვა ნომინაციაში გაიცემა.
კონკურსის შედეგებს მწერალთა სახლის მიერ წარმოდგენილი ჟიური შეაფასებს, რომელიც 5 წევრისგან შედგება. ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება; მასში ის მწერლები და ლიტერატორები შევლენ, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება.
გამარჯვებული (მინიმუმ 3 ხმის მიღების შედეგად) ფარული კენჭისყრით გამოვლინდება. პროექტის მიზანი მიმდინარე ლიტერატურული პროცესების მხარდაჭერა, შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება და ახალი, საინტერესო ლიტერატურული ნაწარმოებების შესაქმნელად ავტორთა წახალისებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები