შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ რეგიონალური განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული სავაშ ე. პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმრო „დენიზი“-ს და აღნიშნული სასტუმროს მეორე სართულზე მდებარე რესტორნის ფართებს გარკვებული თანხის სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისათვის გადასცემდა. ასევე დადგინდა, რომ სავაშ ე-ს სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის ქალბატონები პროსტიტუციისთვის საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდა. სამართალდამცველებმა სასტუმროსა და რესტორანში მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).