ნინო გვენეტაძე გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, გერმანიის საელჩოს წარმომადგენელს კატერინა დერკორნს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამართლის პროგრამის დირექტორს დოქტორ ტომას მაიერს, ამავე პროგრამის საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელ დოქტორ იუნს დეპეს და პროგრამის უფროს სამართლებრივ მრჩეველ თამარ ზოდელავას შეხვდა.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, სტუმრებმა ნინო გვენეტაძეს საპასუხისმგებლო პოსტზე დამტკიცება მიულოცეს და გამოთქვეს იმედი, რომ სასამართლო რეფორმა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში იქნება ეფექტური და შეუქცევადი პროცესი.
ნინო გვენეტაძემ ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე სასამართლო ხელისუფლების წინაშე დგას.
განსაკუთრებული ყურადღება ნინო გვენეტაძემ გაამახვილა საქმის წარმოებისა და საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამების მთელი საქართველოს მაშტაბით სამივე ინსტანციის სასამართლოებში დანერგვისა და გამართული ფუნქციონირების შესახებ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების, დისციპლინური სამართალწარმოების გააქტიურების, მოსამართლეთა სპეციალიზაციის საკითხებზე და სასამართლოს მენეჯმენტის გაუმჯობესების თაობაზე. ნინო გვენეტაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა იმ გამოხმაურებისთვის, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტებმა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით წარმოადგინეს და გამოთქვა იმედი, რომ ორმხრივი თანამშრომლობა კვლავაც იქნება ეფექტური და საჭიროებების მიხედვით დაგეგმილი. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება საქართველოში 1993 წლიდან მოქმედებს და მას სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის მიზნით ათეულობით პროექტი აქვს განხორციელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები