„სატელევიზიო ანძის ჩაქრობა – საბოტაჟია“
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სატელევიზიო ანძის ჩაქრობის ფაქტს საბოტაჟად აფასებს. ჯაბა სამუშიას უსამართლობად მიაჩნია ის თანხა, რაც მერიამ სატელევიზიო ანძის შესაკეთებლად გაითვალისწინა. „ესაა საბოტაჟი. ამ ანძაზე ხარჯებში ჩანს გადასახადი და რატომ აქრობენ? მესმის, რომ ამ ბიუჯეტით ავტობუსების 100- მილიონიან ტენდერს ვერ ჩაატარებ, რადგანაც გაგვიჩნდა კითხვები და ეს ტენდერი ვინც ჩაატარა, იმათი საქმე დღეს პროკურატურაშია. 900 000 ლარია გამოყოფილი თბილისის ტურიზმის განვითარებაზე, სხვა მუხლებშიც იგივე წერია და იგივე თანხები სხვა მიმართულებითაც არის მიმართული. თუ გვაქვს ეს თანხა, უბინაობის საბინაო ფონდის მიმართულებით მივმართოთ. შეიძლება ქალაქს თავშესაფარი არ ჰქონდეს? დღეს რომ არ ყოფილიყო რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ნარმანია, ამ სიცივეში უამრავი ადამიანი გაიყინებოდა. ამ უწყებამ გააკეთა ეს თავშესაფარი თავისი ფულით და ადამიანები სიკვდილს გადაარჩინა. ამ უსახლკაროებისთვის 300 000 ლარი გამოიყო, ანძის გასანათებლად კი ნახევარი მილიონია გამოყოფილი და ეს სამართლიანია? “- აცხადებს ჯაბა სამუშია გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას.