„პანორამა თბილისი“ და მისი მსგავსი პროექტები საქართველოს გადარჩენის ტოლფასია“

„პანორამა თბილისი“ მეგა პროექტია, ასეთი პროექტები ახალ ინფრასტრუქტურას ქმნიან“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა სოსო მანჯავიძემ გააკეთა. მანჯავიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აქცენტი იმაზე გააკეთა, თუ რა სარგებლობას მოუტანს პროექტი ქალაქს და მოსახლეობას.
საკრებულოს წარომადგენელი მიიჩნევს, რომ პროექტი ქალაქის ცენტრის ფუნქციების ნაწილის ქალაქის სხვა ნაწილში გადატანას და ქალაქის განტვირთვას უზრუნველყოს.
გარდა ამისა, სოსო მანჯავიძემ, ყურადღება პროექტის ეკონომიკურ ღირებულებაზე და მოსახლეობის დასაქმებაზე გაამახვილა. „ამ პროექტის შემდეგ ისტორიული ადგილების მოვლა- პატრონობა ახალ ეტაპზე გადავა. ძალიან მაღალბიუჯეტიანი პროექტია, თუმცა თანხის მოცულობა არ გულისხმობს იმას, რომ რომელიმე პროექტი ქალაქის რეგულაციებიდან გადიოდეს. თბილისი ქვაბულშია, მიუყვება მტკვრის კალაპოტს. თუ ჩვენ ქალაქის ცენტრს მთელი რიგი ფუნქციები არ ჩამოვაშორეთ და ქალაქი არ გავშალეთ, ეს სატრანსპორტო კოლაფსი და დისკონფორტი, რომელსაც განვიცდით, კიდევ უფრო დამძიმდება. გამოსავალი ქალაქის განტვირთვასა და მთელი რიგი ფუნქციების გატანაშია. „პანორამა თბილისი“ ამ მხრივ ქალაქისთვის ძალიან კარგია. რაც შეეხება პროექტში საბაგიროს ნაწილს, ჩვენს ოპონენტებს ვეტყვი, რომ თბილისის რეგიონი საერთოდ საბაგიროს გულისხმობს. საბაგირო თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იყო მუდამ. ის ეკოლოგიურად სუფთა და იაფი სატრანსპორტო საშუალებაა. მოსახლეობა ამ პროექტის სიკეთეებს იგრძნობს, პირველ რიგში, იმით, რომ ის ქალაქის ეკონომიკას განავითარებს. მეორე მნიშვნელოვანი სარგებელი ის იქნება რომ ამ პროექტის მშენებლობის დროსაც და მის შემდეგაც „პანორამა თბილისი“ ბევრ მოქალაქეს დაასაქმებს. ეს არის ერთგვარი საპილოტე პროექტი, რომლითაც ყველამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენთან დიდი მასშტაბების პროექტების განხორციელების საშუალებაა. „პანორამა თბილისი“ და მისი მსგავსი პროექტები საქართველოს გადარჩენის ტოლფასია“, – აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები