ზურაბ  აბაშიძე: ჩემი ცხოვრების საზრისი არის უზენაესთან ზიარება, პოეზიის უზარმაზარ ფენომენთან – ლურჯ ფრინველთან შეხება

„2013 წელს გამოცემული წიგნი შემდეგ მიმაჩნია, რომ ტყუილად არ მიცხოვრია. ეს გახლავთ  გეორგ ბიუხნერის თხზულებათა კრებული. საოცრად პოეტური სტილით დაწერილი სამი დრამატული ნაწარმოები. ერთი, მსოფლიო ნოველისტიკის შედევრად შერაცხული ნოველა –„ლენცი“ და პოლიტიკური პამფლეტი. მეორე  „ჰესენის მხარის მალემსრბოლი“  (რომელიც ჩემი მეგობრის ნოდარ კაკაბაძის რჩევით ვთაგმნე ). ამ გენიოსმა ადამიანმა,  ბიუხნერმა,  სულ 23 წელიწადნახევარი  იცოცხლა და ამ მოკლე დროში, შეიძლება ითქვას, შედევრების  შექმნა მოასწრო.  ამ თარგმანებს დავუმატე  მის მიერ დაწერილი პუბლიცისტურ მხატვრული ნაშრომი „კატონ უტიკელის დასაცავად წამოთქმული სიტყვა“, ეს  მან გიმნაზიაში სწავლის დროს დაწერა“. –   ზურაბ აბაშიძე.

– ქუთაისში დავიბადე, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ  იქ არ მიცხოვრია, რადგან იმის მიხედვით, თუ სად მუშაობდა მამაჩემი, გვიწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. მამაჩემი, გიორგი აბაშიძე დიდგვაროვან აბაშიძეთა წარმომადგენელი იყო (მას ექსპროპრიაციის შედეგად მთლიანად წაართვეს თავისი ქონება  და ცხოვრობდა პატარა ქვიტკირის სახლში). დედაჩემისა და მამაჩემის გაცნობას საინტერესო ისტორია ახლავს. გასული საუკუნის 20-იან წლებში  ხშირად იმართებოდა  საღამოები,  რომელსაც მაშინ „ვახშმიანი საღამოები“ ეწოდებოდა. როგორც ისინი მიყვებოდნენ, არისტოკრატული წრის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და საუბრობდნენ სხვადასხვა თემაზე: ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე. სწორედ ერთ–ერთ ასეთ საღამოზე  გაიცნო მამაჩემმა  ქუთაისიდან ჩამოსული,  ახალ გიმნაზიადამთავრებული ლიდა ჯახუტაშვილი და მალევე შეირთო ცოლად. მამაჩემს, როგორც ამბობდნენ,  ბრწყინვალე გვარის წარმომადგენელსა და განათლებულ ადამიანს  (იგი მასწავლებელი იყო. მაშინ ეს პროფესია ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიად ითვლებოდა), ეჭვი მაქვს, ყოველგვარი ნიშნობის გარეშე გამოატანეს ქალი.11212377_967004170000430_1129295323_n
– რეპრესიები თქვენს ოჯახსაც შეეხო.
– ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. იმხნად, სოფელ ფარცხანაყანებში მოღვაწეობდა  მამაჩემი, როგორც მასწავლებელი და ჩვენც იქ ვცხოვრობდით. მერე  საჩხერეში გადავედით  საცხოვრებლად, სადაც მამაჩემი უცხო ენებს ასწავლიდა. მამას ამ კუთხით განათლება არ ჰქონდა მიღებული, თუმცა ენების კარგი მცოდნე  იყო. მოგვიანებით,  ჩემმა  ასპირანტურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ახვლედიანმა გაიხსენა, რომ იგი იყო მისი პირველი თაობის საუკეთესო სტუდენტთაგანი.
თითქოს შედარებით აუმღვრევლად მიდიოდა ჩვენი ცხოვრება, თუმცა იდგა 1937 წელი. ჩვენ – ბავშვები ვერ ვგრძნობდით, რომ ბობოქრობდა საშინელი სისხლისმღვრელი რეპრესიები. ერთ მშვენიერ დღეს დააპატიმრეს დეიდაჩემის ქმარი.  დეიდა ახალგათხოვილი იყო. სულ რაღაც ორი თვე იცხოვრა ქმართან. მისი მეუღლე, გვარად წამალაშვილი, ამიერკავკასიის მინისტრი გახლდათ .  ამის მერე დეიდაჩემი მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რომ ვიდრე ჩვენც არ მოგვადგებოდნენ, დავძრულიყავით და დაგვეტოვებინა იქაურობა.  დილისთვის ჩემოდნები გამზადებული გვქონდა, რომ  ღამით მოვიდნენ ჩეკისტები. არასდროს დამავიწყდება  აკანკალებული დედაჩემი და  მამაჩემის გაყვითლებული სახე.  იმ ღამეს იგი  ჩეკისტებმა წაიყვანეს. დაჭერის კონკრეტული მოტივი  არ ჰქონდათ წითელ ფაშისტებს, რამეთუ ისინი მეთოდურად ანადგურებდნენ  განათლებულ არისტოკრატიას. ვფიქრობ, მე მიმალავდნენ, მაგრამ მამა ცნობილი 1924 წლის გამოსვლების მონაწილე იყო. სწორედ ეს გახლდათ მისი დაჭერის მიზეზი.  მანამდე, 1924 წელს შეკრიბეს დიდგვაროვნები:  მაჭავარიანები, აბაშიძეები, წერეთლები და  ვაგონებით წაიყვანეს. ხალხით სავსე ვაგონებს შორაპანში ავტომატის ჯერი მიუშვირეს და  სისხლის ტბები დააყენეს. სხვათა შორის, ბებიაჩემის ძმა, ვალიკო გამყრელიძე ერთ–ერთი იყო, ვინც იმ სისხლისღვრას გადაურჩა. ჩემი ფიქრით, მამაც სწორედ ამ გადარჩენილთა შორის იყო.  ეს რაც შეეხება 1937 წელს.
მამას დაჭრის შემდეგ  ბავშვები შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით (მთელი ჩვენი სანათესაო, ძირითადად, თბილისში და ქუთაისში გვყავდა), მამიდაჩემებმა (სამი მამიდა მყავდა), რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ,  დედას დახმარება გაუწიეს. ჩვენ სამნი ვიყავით და მე წამომიყვანეს თბილისში. არ მინდოდა დედას მოვშორებოდი  და  დავანგრიე ტირილით იქაურობა.11195361_967004186667095_1020973112_n
– მამის წერილებს  დღემდე ინახავთ.  მოგვიყევით ამ წერილების შესახებ.
– ისტორიული დოკუმენტები არსებობს, როდესაც იგი გაასამართლა  ცნობილმა „ტროიკამ“.  როგორც გაირკვა, „ტეპლუშკით“ – (ასე ერქვა მატარებელს, ეს იყო ცხოველების გადასაყვანი ვაგონი, სადაც ხალხს კი არ დასვამდნენ, არამედ  ტენიდნენ ტომრებივით). სხვადასხვა პუნქტის გავლის შემდეგ იგი მონგოლეთში  ჩაიყვანეს. „ბურიათ მონგოლსკაია რესპუბლიკა“, – ასე ერქვა იმ ადგილს.  პირველად იქიდან ახერხებდა წერილების გამოგზავნას. მამისგან გამოგზავნილი წერილები ახლაც შენახული მაქვს.  ეს გახლავთ ცრემლით გაჟღენთილი ბარათები. მოგვიანებით წერილები შეწყდა და მას მერე მის შესახებ აღარაფერი ვიცით.
 – დავუბრუნდეთ თქვენს მოწაფეობას…
– პლეხანოვზე  სკოლაში ვსწავლობდი. როგორც ჩანს, ყველას გაუჭირდა. დედამ ვერ გაძლო ჩემს გარეშე,  თუ მამიდები ვეღარ მინახავდნენ, არ ვიცი.  ფაქტი იყო, ისევ  დამაბრუნეს სოფელში. ჩემს და-ძმასთან და დედასთან.  არგვეთის სკოლა დავამთავრე. ეს ის არგვეთია, სადაც  დაიბადა პაოლო იაშვილი  და მუხრანი. დედა არგვეთში მასწავლებლობდა. ის და მუხრანის დედა -თამარა მაჭავარიანი ძალიან მეგობრობდნენ.  ამბობენ, გაჭირვების და უსახსრობის გამო, ყუათიანად ვერ ვიკვებებოდით და  მე–11 კლასში ავად გავხდი.  ოპერაცია გამიკეთეს. 4 წელი საწოლს მივეჯაჭვე. ხერხემლის მალების ტუბერკულოზი მქონდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ჩავაბარე და დავამთავრე უნივერსიტეტი.  ცოტა ხანს „გოდიქსში“ (იყო ასეთი საზოგადოება) ვიყავი რეფერენტად.
– გამორჩეული პედაგოგები
– მერე  ასპირანტურაში ჩავაბარე. ხელმძღვანელი მყავდა ფრაუ ჰოფმანი, ტამარა დავიდოვნასთან,  რომელმაც მე გამომარჩია, გამორჩეულად ვმეგობრობდი. მასთან სახლში დავდიოდი. ეს იყო ალბათ ომის დროს რუსეთიდან ჩამოსული ქალბატონი, რომელიც უნივესიტეტში მოღვაწეობდა. სწორედ მან გაზარდა გერმანისტების პირველი და მერე მთელი  თაობა, რომელთა შორის  ვარ მეც. მინდა ასევე გავიხსენო ჩემი დროის პედაგოგები, რომლებიც მე უშუალოდ არ მასწავლიდნენ: ერეკლე ტატიშვილი, გენიალური ესეისტი და მთარგმნელი. კაცი, რომელმაც საოცარი ოსტატობით თარგმნა ნიცშეს „ზარატუსტრა“…
შალვა ნუცუბიძის ლექციებს ვესწრებოდი, იყო კიდევ  – მიხეილ კვესელავა,  უდიდესი ტალანტისა და  უამრავი დამსახურების კაცი ქართული ლიტერატურისა და კულტურის წინაშე.  მან დაწერა უნიკალური წიგნი, რომელიც  დღემდე აღუმატებელია სიღრმითა და მეცნიერული კვლევის ხარისხით.
წიგნი – „პოეტური ინტეგრალები“ ფოლიანტია.11198912_967006426666871_252952413_n
იგი,  მოგეხსენებათ, გერმანისტი იყო  და მას ეკუთვნის წიგნები „ფაუსტური პარადიგმები“ და  „ასერგასის დღე“, არაჩვეულებრივი რომანი. ესენი იყვნენ  ჩემთვის გამორჩეული პედაგოგები.
უნივერსიტეტი დავამთავრე, კარგად ვსწავლობდი, რადგან დედაჩემს, უკეთეს შემთხვევაში, შეეძლო ლობიოსა და სიმინდის გამოგზავნა ვიყავი ფრიადოსანი. უნივერსიტეტში ახლობელი არავინ არ მყავდა, თუ არ ჩავთვლით დევი აბაშიძეს, რომელიც ბიბლიოთეკის დირექტორი იყო.  ჩემი მედლით ჩამოვედი საჩხერიდან – ჩემი და აკაკის სოფლიდან,  სავანიდან.  მაშინ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესასვლელში კედელზე იყო მიშენებული ფიცრულები, რომელიც წარმოადგენდა სამდივნოს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ახალდაარსებული იყო.  მივედი, მაგრამ არ დამცალდა საბუთების შეტანა. გამოიარა დევი აბაშიძემ. რას ირჩევო, მკითხა და როდესაც ვუპასუხე, ჟურნალისტიკურზე ვაბარებ-მეთქი, ერთი რჩევა მომცა და ამ რჩევისთვის მას დღემდე ვლოცავ. მითხრა: თუ კალამი გაგიჭრის და ენებს ისწავლი, ეს იქნება  შენი ჟურნალისტური კარიერის  დამატებითი შანსიო. მე მაშინ გერმანული სულ არ ვიცოდი, მაგრამ ამ არჩევანით დღემდე კმაყოფილი ვარ. დღემდე ფანატიკურად ვარ შეყვარებული  ამ ენაზე. დღემდე შეყვარებული ვარ ამ ენის სიტყვაკაზმულ მწერლობაზე .
– დავიწყეთ თარჯიმნობა
– ეს „ოდისეა“ კარგა  ხანს გაგრძელდა ჩემს ტურისტებთან ერთად. ერთ–ერთი სტუმრობის დროს თამარა დავიდოვნამ  საკმაოდ მკაცრად მითხრა: ბოლოსდაბოლოს როდემდე უნდა იბოდიალო, მოდი, ასპირანტურაში ჩააბარეო.  სხვანაირი სულისკვეთებით ვიზრდებოდით, ძალიან მორჩილები ვიყავით. ლიტერატურის ვაკანსია არ აღმოჩნდა და  სრულიად მოულოდნელად ჩავაბარე ენაზე.  ვთვლი, რომ დავწერე  საშინელი და ყოვლად უვარგისი დისერტაცია  (ფიგურალურად რომ ვთქვათ),  რომელიც  მერე დავწვი და ბოლი გავტყორცნე ზარბაზნის ყუმბარით. მივხვდი, რომ ენაში არაფერი მესაქმებოდა. ლიტერატურა იყო ჩემი საქმე.
– პირველი თარგმანი და როგორ ირჩევთ სათარგმნ ლიტერატურას…11195452_967006416666872_45147766_n
– თარგმნა სულ მინდოდა.  სულ რაღაცას ვთარგმნიდი.  თავიდან იყო  საცდელი თარგმანები.
შემდეგ უკვე  ნახევარი საუკუნის წინ, 50–55 წლის წინათ,  გამოვიდა ჩემი პირველი პატარა  წიგნი, რომელსაც ერქვა: „ივონა“ – ეგზალტირებული სიყვარულის ისტორია, რომლის ავტორი იან პეტერსენი საკმაოდ უცნობი ავტორი იყო, თუმცა ლამაზი სიყვარულის ამბავს მოგვითხრობდა.
სათარგმნ ლიტერატურას ემოციით ვირჩევ.  ყოველგვარი პროტექციის გარეშე ვახტანგ ბეწუკელმა (ძალიან ცნობილმა გამომცემელმა, ასევ ცნობილმა გერმანისტმა, რომელმაც თარგმნა შილერის ტომეულები) ისე, რომ მასალა არც გამისწორა, გამოუშვა ჩემი თარგმანი. უმამოდ გაზრდილ კაცს სულ რაღაცა მიშლიდა ხელს, დახმარებისთვის  რომ ვინმესთვის მიმემართა, ამიტომ ამის მერე კარგა ხანს შეფერხდა  ჩემი მთარგმნელობითი მოღვაწეობა.  იმხნად  ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული „მწერალთა კავშირთან არსებული მთარგნელობით კოლეგია“, რომელმაც  დაასაქმა ახალგაზრდები,  განსაკუთრებით ენის სპეციალისტები. დაახლოებით 250 კაცი, რომელთა ფუნქცია იყო, მიეხედათ თარგმანებისათვის, მაგრამ ისინი წელიწადში  უშვებდნენ სამ  წიგნს, ხუთს, უკეთეს შემთხვევაში – ათ წიგნს.
დიდი ხნის წინათ  ტროლეიბუსში  შემხვდა  გივი შაჰნაზარი.  ძალიან ცნობილმა  და გამორჩეულმა, უმაღლესი ოსტატობით სომხურიდან მთარგმნელმა ჩემმა მეგობარმა  მითხრა: რატომ არ მოდიხარ ჩვენთანო. მან გადამაწყვეტინა მიმეტანა ჩემი  თარგმანები, კლასიკური პიესები, ეს გახლდათ სამი გერმანელი კლასიკოსის პიესების კრებული, რომელიც გამზადებული მქონდა და არ მიმიმართავს არცერთი რედაქციისათვის. ეს იყო გეორგ ბიუხნერი, არტურ შნიცლერი, გეორგ კაიზერი, და დაიწყო იმ კოლეგიის  მიერ,  პირდაპირ ვიტყვი, თავის აგდება. პასუხი არ მაღირსეს, რეცენზენტმა გვარი ბიუხნერი არასწორად  გადაწერა. მეტიც –  ნაწარმოები შეეშალათ და „ლენა და ლეონსის“ ნაცვლად „მარტოსულის გზა“ მიაწერეს (მეორე ავტორის ნაწარმოები).
– ქართულ მთარგნელობით საქმიანობაში  თქვენი ნიშა ყოველთვის გქონდათ, თუმცა დღემდე ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა გიწევთ…
– ქართულ მთარგნელობით კოჰორტაში მე ჩემი ნიშა ყოველთვის მქონდა, თუმცა ამას არ ცნობდნენ ამ კოლეგიაში.  ბევრჯერ დამწყვიტეს გული. „მერანში“ მქონდა ასევე მიტანილი ჩემი ნათარგმნი იოზეფ როთის  რომანი,  სადაც ასევე პასუხი არ მითხრეს,  მეორე გამომცემლობაში მქონდა მისი მეორე ნაწარმოები. იქაც უპასუხოდ დამტოვეს. აქ რატომ არ გიბეჭდავენ, უარის მოტივს კი არ გეუბნებიან, საერთოდ უპასუხოდ გტოვებენ.
როსტომ ჩხეიძის ჟურნალი იყო –  „ომეგა“, სადაც ეს გენიალური, ბიუხნერის „ლენცი“ მივიტანე. კართან პოლიციელი იდგა,  რომელმაც არ შემიშვა.  ჩემი მეგობრის ქალიშვილი მუშაობდა იქ  და როდესაც ვუთხარი, კეთილი ინებეს და გამიღეს კარი. მივიტანე, როგორც იქნა, თუმცა აქაც ერთი წელიწადი კვლავ არ მაღირსეს პასუხი, და როდესაც მივაკითხე, უკან გადმომიგდეს წარწერით:  „ეს დაბეჭდილია“.  ბრალიც დამდეს, რომ მე უკვე დაბეჭდილს მეორედ ვთარგმნიდი.  თუმცა, არის ისიც, რომ მილიონჯერ რომ ითარგმნოს ბიუხნერი, შეიძლება!.  ეს იმხელა ავტორია, როგორც შექსპირი და საჭიროც არის, რადგან ამ შეჯიბრში იქნებ ვიღაცამ კიდევ უფრო უკეთესი გააკეთოს.
იმედგაცრუების ბევრი შემთხვევა მქონდა.  მაგალითად, „ლიტერატურული პალიტრა“ ახალი დაარსებული იყო და ამჟამინდელმა რედაქტორის მოადგილემ  დიდი თავაზიანობით მიმიღო, ყურადღებით მომისმინა და  დაიტოვა გამოსაცემად თარგმანი. თითქოს დავმეგობრდით კიდეც, მაგრამ შეიძლება ის ემწუთხა, როდესაც ვუთხარი, რომ თქვენ გენიჭებათ  გენიალური ბიუხნერისა და  იოზეფ როთის  პირველგამომქვეყნებლის  დიდი პატივი- მეთქი. არ დაბეჭდეს.
„პალიტრა მედია“, არსებობს  კიდევ  ასეთი გამომცემლობა – იქაც იგივე. ყველა ამ გამომცემლობებისგან უარყოფილი მაინც ვმუშაობდი და დამიგროვდა უამრავი მასალა. როგორც ჩანს, მოწყალება გაიღეს და  სულ ცოტა ხნის წინ  გოეთეს ინსტიტუტი შემპირდა (დიდი მადლობა მათ ამისათვის, ისინი ადრეც დამეხმარნენ), რომ ხუთ  წიგნს გამოსცემენ ერთად.
– სამი უცხო ენა იცით…
– მესამე კურსზე კორპუსებისა და აუდიტორიების უკმარისობის გამო გვიწევდა მეორე ცვლაში სწავლა. ლექციის დაწყებამდე  მქონდა უამრავი დრო და  ფრანგულ განყოფილებაზე  დავიწყე პარარელურად სიარული.  ასე შემომესწავლა ფრანგული ენა. რაც შეეხება ინგლისურის შესწავლას, ამასაც თავისი ისტორია აქვს.  აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილები სკოლაში გაძლიერებულ ინგლისურს სწავლობდნენ.  გავჯავრდი, ლინგვისტი მქვია, ინგლისური როგორ არ უნდა ვიცოდე, ბავშვებს რომ დავეხმარო – მეთქი და თან ვსწავლობდი, თან მათ ვასწავლიდი.  ასე  ავყევი მე–11 კლასამდე და ასე შემომესწავლა ინგლისური ენაც.
– გამორჩეული  თარგმანები თუ გაქვთ…
– ათამდე წიგნის ავტორი ვარ. მე მგონი, ძალიან საინტერესო ნამუშევრები გამომივიდა ამ ბოლო ხანებში. ყველა ჩემი შვილია. ძნელია გამორჩევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაქვს, რასაც ჰქვია ჰანს კვინგი. ვუახლოვდები რა ჩემი ამქვეყნიური ცხოვრების სამანებს,  დავინტერესდი თეოლოგიით (საკმაოდ ბევრი წაუკითხავი წიგნი მაქვს სახლში)  შვეიცარიელების მიერ ნაჩუქარ წიგნების ყუთში  ვნახე ავტორი,   რომელიც აღმოჩნდა ჰანს კვინგი. მას თანამედროვე მარტინ ლუთერს უწოდებენ.  მისი სამი წიგნი ვთარგნე “მსოფლიო ზნეობა“, იგივე „მსოფლიო ზნეობა“ ამ იდეების განვრცობა პოლიტიკასა და ეკონომიკაზე და “რა მწამს მე“.
2013 წელს გამოვიდა  წიგნი, რომლის გამოსვლის შემდეგ მიმაჩნია, რომ ტყუილად არ მიცხოვრია. ეს გახლავთ  გეორგ ბიუხნერის თხზულებათა კრებული. საოცრად პოეტური სტილით დაწერილი სამი დრამატული ნაწარმოები. ერთი, მსოფლიო ნოველისტიკის შედევრად შერაცხული ნოველა –„ლენცი“ და პოლიტიკური პამფლეტი. მეორე „ჰესენის მხარის მალემსრბოლი“ (რომელიც ჩემი მეგობრის ნოდარ კაკაბაძის რჩევით ვთაგმნე). ამ გენიოსმა ადამიანმა,  ბიუხნერმა,  სულ 23 წელიწადნახევარი  იცოცხლა და ამ მოკლე დროში შეიძლება ითქვას შედევრების  შემნა მოასწრო. ამ თარგმანებს დავუმატე მის მიერ დაწერილი პუბლიცისტურ მხატვრული ნაშრომი  „კატონ უტიკელის დასაცავად წამოთქმული სიტყვა“, ეს  მან გიმნაზიაში სწავლის დროს დაწერა. მაშინ, როდესაც მას დავალებად მიეცა,  დაეწერა თემა „შეიძლება თუ არა გავამართლოთ ადამიანი,  რომელიც თავს იკლავს“  და რომელიც შემდეგ გიმნაზიაში საჯარო აქტზე წარმოსთქვა.
– გულისტკივილი…
– 2006 წელს გამოგვყარეს უნივესიტეტიდან და დღემდე არავინ არაფერს ამბობს. არც ნაცისტურ გერმანიაში,  არც ფაშისტურ იტალიაში,  არც ფრანკოს ესპანეთში უნივერსიტეტსა და ეკლესიას პოლიცია არ შეხებია.
2006 წელს მიშას პარტიამ და მისმა მთავრობამ, ეგრეთ წოდებულმა „ნაცებმა“ უნივერსიტეტში შემოგზავნა დამსჯელი რაზმი – 200 პოლიციელი,  რომლებმაც წიხლით გამოგვყარეს და ვართ ასე. შარშანდელი აღრიცხვით სამოცდათორმეტი პროფესორი გარდაიცვალა. დათხოვნილები. მნიშვნელოვანწილად, ჯავრისაგან, შეურაცხყოფისაგან. მე გავძელი. ახლაც დუმს მთავრობა. ორმოც წელზე მეტი ვმუშაობდი უნივერსიტეტში. ჩემი მოუნელებელი გრძნობა და უდიდესი გულისტკივილია ის, რომ თუ დავითვლით,  წელიწადში თუნდაც  მარტო ათი სტუდენტი  რომ მყოლოდა,  ამდენი ხნის განმავლობაში რამხელა კოჰორტაა  ჩემი სტუდენტების, გერმანისტებისა. არათუ აღდგენა, ბოდიშიც არ მოგვიხადეს. რამდენჯერაც დავაპირე ამჟამინდელ რექტორთან მისვლა, დავრეკე, რომ შეხვედრა დამენიშნა, მდივანს როდესაც  ვეუბნები,  ჩემს სათქმელს თავად ვეტყვი-თქო  ყურმილს  მიკიდებს. მე მიმაჩნია, დანაშაულის დაფარვა და მისი არდასჯა არანაკლები დანაშაულია, ვიდრე თვითონ ფაქტი დანაშაულისა.
– თქვენი თარგმანები რეჟისორებს თუ აქვთ გამოყენებული.  სპექტაკლები თუ დადგმულა ამ თარგმანებზე.
– ჩემი თარგმანი გამოიყენა ერთმა რეჟისორმა ისე, რომ მე არც კი მახსენა სადმე. მეწყინა.
იურა ზოიფერის  ჩემ მიერ თარგმნილი „ასტორია“  კი ვაკის სარდაფში გენიალურად  დადგა ძალიან ნიჭიერმა კაცმა, ოთარ ეგაძემ.
– ვის გამოარჩევდით თანამედროვე მთარგნელებიდან…
– გურამ გოგიაშვილს, ჯემალ აჯიაშვილს, დათო ბარბაქაძეს. კიდევ ბევრნი არიან…
– გერმანულენოვანი რადიოს ასევე გერმანულენოვანი ჟურნალის ერთერთი რედაქტორი, სულისჩამდგმელი ბრძანდებოდით– ოცდახუთი წლის წინათ საქართველოს მაშინდელ რადიოკომიტეტში ჩამოყალიბდა უცხოენოვანი რედაქციები. ერთ-ერთი გახლდათ გერმანული რედაქცია. ჩვენ აქედან გადავცემდით (მიუნხენის, სამხრეთ გერმანიისა და ავსტრიის არეალს მოიცავდა) და რომ ჩართავდი მიუნხენში და კლაგენფურტში რადიოს, გაიგონებდი ჭიათურული აქცენტით შეფერილ ჩვენს მიერ გერმანული ენით მოყოლილ ამბებს.
– რამდენი წელი იარსება ამ რადიომ და რატომ დაიხურა?
– რადიომ ათი წელიწადი იარსება. მისი დახურვის მიზეზი ჩემთვის უცნობი გახლავთ. რაც შეეხება ჟურნალს – თბილისში გამოდიოდა ასეთი გერმანულენოვანი ჟურნალი “კავკაზიშე ცაიტუნგ”, რომლის ერთ–ერთი რედაქტორი ვიყავი მე, ამასთან ერთად, საქართველო–გერმანიის საზოგადოების თანადამაარსებელი, უამრავი კულტურული ღონისძიების წამომწყები, ჩამტარებელი, ორგანიზატორი გახლდით.
– მომავლის გეგმები.
– უამრავი გეგმა მაქვს: ხუთი წიგნი ერთად. რომელსაც ველოდები, რომლებსაც სულ მალე გამოსცემს  გოეთეს ინსტიტუტი.
ცხოვრებაში ერთხელ ვისარგებლე  და 2000 წელს პირველად ვიყავი სტიპენდიით ვენაში, სადაც თან მქონდა შოთა ნიშნიანიძის კრებული. იგი ახალი გარდაცვლილი გახლდათ.  წარვუდგინე ეს ტომეული  იქაურებს და ვთქვი, რომ ახლახან ძალიან დიდი პოეტი მოგვიკვდა- მეთქი, უცებ  ექსპრომტად, იქვე ვთარგმნე მისი ლექსები და წავუკითხე მათ. ძალიან მოეწონათ,  თარგმანით დაინტერესდნენ, არ ვიცი, რა მოხდა,  მაგრამ მერე რატომღაც არ შევიდა კავკასიის ლიტერატურათა ანთოლოგიაში. მინდა წავიდე გერმანიაში ან ავსტრიაში და ქართველი პოეზიის მარგალიტები წავუდგინო გერმანელებს, რომელთაც ძალიან მოეწონათ ნიშნიანიძის პოეზია.
– რა არის თქვენი ცხოვრების საზრისი?
– ჩემი ცხოვრების საზრისი უზენაესთან ზიარება, პოეზიის უზარმაზარ ფენომენთან – ლურჯ ფრინველთან შეხებაა…  ჩემი შვილები და შვილიშვილები. 

ირმა მირზაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები