ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ექიმი-ვეტერინარი, ზვიად ლოლაძე დააკავეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, მოქალაქეებზე სისტემატურად გასცემდა ყალბ ვეტერინარულ მოწმობებს ისე, რომ რეალურად არ ამოწმებდა პროდუქციის ვარგისიანობას. შესაბამისად, გაურკვეველი წარმომავლობის შეუმოწმებელი ხორცპროდუქტები სარეალიზაციოდ ხვდებოდა სავაჭრო დახლებზე.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.