ლერი ხაბელოვი: მინისტრობა არ მინდა და არც შემოთავაზებას მივიღებ

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავება მის სურვილს არ წარმოადგენს. ხაბელოვის თქმით, აღნიშნულ პოსტზე მისი დანიშვნის საკითხი არც განიხილება. ამასთან, ხაბელოვისთვის მიუღებელია ლევან ყიფიანის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ბრალდებებს უპასუხა.
„რა განცხადებაც ლევან ყიფიანმა გააკეთა, ჩემთვის მისაღები არ არის. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ცოტა უხერხულია და ეს ალბათ პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობდა. მინისტრობა, მე, რა თქმა უნდა, არ მინდა, ამ შემოთავაზებას არ მივიღებ და ისედაც არ იხილება ჩემი საკითხი. არ იხილება არც იმ დეპუტატების საკითხი, რომლებიც ჩვენს კომიტეტში არიან გაწევრიანებულები“, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
პარლამენტის სპორტის კომიტეტმა საზოგადოებას 27 აპრილს სპორტის სამინისტროს მიერ 10 შეუსრულებელი სამუშაოს ნუსხა წარუდგინა. პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე სპორტის კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დეტალურად არის ჩამოთვლილი ის 10 პუნქტი, რაც ყიფიანის ხელძღვანელობით სამინისტრომ ვერ განახორციელა. მინისტრის ანგარიშის მოსმენის და დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხის შემდეგ, კომიტეტის წევრმა -11-მა დეპუტატმა ერთხმად უარყოფითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა და ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურს შეატყობინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები