თენგიზ ცერცვაძემ “კვირას” პრესკლუბში C ჰეპატიტის პროგრამაზე ისაუბრა

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად დღეს პაციენტების რეგისტრაცია დაიწყო. როგორც ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, რეგისტრირებული პაციენტებიდან ის ადამიანები შეირჩევიან, რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველ ეტაპზე ჩაერთვებიან. ცერცვაძის განმარტებით, პროგრამა დასაწყისისთვის მხოლოდ თბილისის მასშტაბით, 3 კლინიკაში დაიწყო, თუმცა ეტაპობრივად მასში დედაქალაქის და რეგიონების სხვა კლინიკებიც ჩაერთვებიან.
პირველ ეტაპზე შერჩეული კლინიკებია: ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრი, ქართულ – ფრანგული ერთობლივი ჰეპათოლოგიური კლინიკა „ჰეპა“ და კლინიკა „ნეოლაბი“.
„ ეს პროგრამა რომ ერთბაშად დაწყებულიყო, ყველგან, თუნდაც 10-15 კლინიკაში შესაძლებელი იყო, რომ ცდომილებები მომხდარიყო. ეტაპობრივად შეიძლება ერთ ან ორ კვირაში, ან ერთ თვეში სხვა კლინიკებიც ჩაერთვებიან როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით. რეგისტრაცია მხოლოდ რამდენიმე საათია დაიწყო და უკვე საკმაოდ მაღალი მომართვიანობაა. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ რეგისტრაცია არ სრულდება, ის უწყვეტ რეჟიმში ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ გაიაროთ, მანამ, სანამ ეს პროგრამა გაგრძელდება.
ეს პროგრამა კი მინიმუმ 5 წელი გაგრძელდება. მედიკამენტები 1 მაისამდე შემოვა. პირველ ეტაპზე 5 000 პაციენტზე გათვალისწინებული მედიკამენტები შემოვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობში შეინახება. მიღებულია უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები. მათი გაცემა კი სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნის მიხედვით მოხდება.
დარეგისტრირებული პაციენტებიდან შეირჩევიან ისინი, ვინც პირველ ეტაპზე უნდა ჩაერთონ პროგრამაში. ეს შერჩეული ადამიანები და მათთვის საჭირო მედიკამენტების დათვლა – გატანა მოხდება“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, პაციენტებს პროგრამით გათვალისწინებული გარკვეული გამოკვლევები, პირველ რიგში კი, სისხლში C ჰეპატიტის გენეტიკური მასალის განსაზღვრა ჩაუტარდებათ.
„ვისაც დაუდგინდება, რომ C ჰეპატიტი აქვს, ისინი შემდეგ ეტაპზე გადავლენ. შემდგომ ეტაპზე გადასულებს ღვიძლის ფიბროზის შეფასება ჩაუტარდებათ, რის მიხედვითაც პაციენტის ღვიძლის დაზიანების ხარისხი შეფასდება და პირველ ეტაპზე მკურნალობაში ღვიძლის ყველაზე მძიმე დაზიანებით მყოფი პაციენტები ჩაერთვებიან. ეს არის ღვიძლის ფიროზის F3 , F4 სტადიის პაციენტები, ეს არიან ღვიძლის ციროზით და ციროზის წინა მდგომარეობით პაციენტები“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძემ აღნიშნული პრობლემის მქონე პატიმრებზეც ისაუბრა, მისი განცხადებით, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქე, პატიმარი პაციენტებიც სრულად ჩაერთვებიან ამ პროგრამაში და ზუსტად იმავე მომსახურებას მიიღებენ, როგორც საზოგადოების სხვა წევრები. გამოკვლევები პირველ ეტაპზე 480 ლარი ჯდება, გამოკვლევებს პაციენტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით ჩაიტარებს. თუ პაციენტი სოციალურად დაუცველია გამოკვლევებს მას სახელმწიფო 70% -ით დაუფინანსებს, 30 %-ს კი რაიონის მუნიციპალიტეტები დაფარავენ. ხოლო ის მოქალაქე, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ არის, გამოკვლევების 70%-ს დაფარავს, ხოლო დარჩენილ 30%-ს სახელმწიფო გადაიხდის.
რაც შეეხება მკურნალობის კურსს, ცერცვაძის განმარტებით, ის დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე შეიძლება 3, 6, ან 12 თვეს მოიცავდეს.
რაც შეეხება 12-თვიან მკურნალობას, ის მხოლოდ დეკომპინსირებული ციროზით, ანუ ციროზის ბოლო სტადიით დაავადებულ პაციენტებს შეეხებათ. ცერცვაძემ ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც საქართველო ამ პროგრამისთვის შეირჩა.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართვისთვის, ცერცვაძის განმარტებით, საქართველო შერჩეული იქნა იმიტომ, რომ მან ყველა დანარჩენ ქვეყანას აჯობა. „საქართველომ სხვებს ამ იდეის გაჟღერება, ეს ინიციატივა დაასწრო. პირველად ქრონიკულ დაავადებასთან მიმართებაში ტერმინი „ელიმინაცია“ სწორედ საქართველომ გააჟღერა. მეორე, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი – საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ნება, ძლიერი ვალდებულება და სურვილი გახდა, რომ C ჰეპატიტებით დაავადებული ადამიანების არმიას დახმრებოდნენ. 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა მთავრობას მოსთხოვა, რომ დაედოთ მექანიზმი, თუ როგორ უნდა გამხდარიყო აღნიშნული დაავადების მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, სახელმწიფომ განაცხადა, რომ ყველა C ჰეპატიტით დაავადებულს გამოიკვლევდა. ეს არცერთ ქვეყანაში, ჩვენ გარდა, არ გამოცხადებულა. დღეს კი ათობით ქვეყანა დგას ამის რიგში“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები