ოფიციალური თბილისი რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ოფიციალური თბილისი რუსეთის სამხედრო ვერტრმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“2014 წლის 6 მარტს, დაახლოებით 12:20 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული “მი-8″ ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი შემოიჭრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა გორისა და კასპის რაიონების სოფლებს – არბოს, მერეთის, დიცის, კოშკას, ქერეს, ფლავის, ფლავისმანის, ქვეშის, მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, ბერშუეთის, წითელუბნის, ხურვალეთის, ზადიაანთკარის, საკორინთლოს, ქვემო ჭალას, პანტიანისა და ვეკეს ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს. დღესვე, 6 მარტს, დაახლოებით 18:22 საათზე, ოკუპირებული აფხაზეთში უკანონოდ განლაგებულმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მიმართულებიდან შემოიჭრა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში განლაგებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევის მორიგი ფაქტის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე, რათა აღკვეთილ იქნას რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები და ვითარების დაძაბვის მცდელობები”, – ნათქვამია განცხადებაში.