შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ლაშა შ, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კახა კ. და 1993 წელს დაბადებული უჩა ს. ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ბრალდებულები 19 აპრილს, ღამით, ქობულეთის რაიონის დაბა ოჩხამურში, ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინეთის ორ მოქალაქეს მშენებლობის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კოტეჯში თავს დაესხნენ და ცივი იარაღის მუქარით 1600 ჩინური იენი, 200 ამერიკული დოლარი, 200 ლარი, მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი გასტაცეს.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში ქობულეთში დააკავეს. ნაყაჩაღარი ფულის ნაწილი – 1600 იენი, დაზარალებულების პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი, დანაშაულის იარაღი და ნიღბები ნივთმტკიცებად სახით ამოიღეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სამივე დაკავებული ამავე მშენებლობაზე მძღოლად მუშაობდა.
გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).