თაკო სალაყაია „გირგვლიანის საქმესთან“ დაკავშირებით დაიკითხება
ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია დღეს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული. ამის შესახებ სალაყაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. „გირგვლიანის საქმესთან“ დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ვარ დაბარებული. რა თქმა უნდა, მე ისევე, როგორც წინა ორ შემთხვევაში, დროულად გამოვცხადდები დაკითხვაზე და კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ ვუპასუხებ გამომძიებლის შეკითხვებს, ვინაიდან ჩემს ინტერესებში შედის ამ საქმესთან დაკავშირებით საბოლოოდ სიმართლის დადგენა და საქმის დასრულება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მე უკვე ორჯერ მაქვს გამოძიებისთვის ჩვენება მიცემული და მათ სრულად მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, თუ რას უკავშირდება გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ პროკურატურაში ჩემი ხელახალი დაბარება. მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ჩვენს ოჯახზე ზეწოლის მორიგი მცდელობაა და ამ გზით ცდილობენ მიაღწიონ იმას, რაც არ გამოუვიდათ წინა მთავარი პროკურორის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად“, – წერს თაკო სალაყაია.