“ნართას“, “პინგვინის“, ქვიშაზე მოხარშული ყავის და ჭრელი ესპადრელების ქალაქი

 „სახლში დაბრუნების მომენტი არ გამოგეპაროს“,- ამ სიტყვებს, – მას შემდეგ რაც მშობლიური სახლი ძალად დაატოვებინებს, – სულ ახსენებდნენ. მაშინ ბავშვი იყო, ყველაფერს ვერ აცნობიერებდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ამ საშინელები  შემდეგ უკან მაინც დაბრუნდებოდა. წლების მერე სოხუმში ზრდასრული ქალი ჩავიდა და ბავშვობის სახლში ის კედელი ნახა, რომელსაც ტყვიით შემოხაზული  ბაბუის სილუეტი აჩნდა... იმ ნაცრისფერი ქალაქიდან კი ფოტოები, ფერადი კენჭები და წიგნები წამოიღო და კიდევ აფხაზი ქალის სიტყვები
გაიცანით,- ნანკა კიკალია…

 – ნანკა, ბავშვობა აფხაზეთში გაატარეთ, ქვეცნობიერსა და ხსოვნას რომგაჰყვეთ“, რას დაინახავთ“?
– ყველა ადამიანს აქვს გარკვეული ადგილი ჩემს „მე-ში“, სადაც ირეალურ სამყაროში იმალება და ამ ქვეყნიერებას “ეთიშება“. მეც დავხუჭავ ხოლმე თვალებს და აღმოვჩნდები სოხუმში… კაფე ღია ცის ქვეშ, მე, ჩემი და, დედა, მამა და მათი მეგობრები. ისინი ქვიშაზე მოხარშულ ყავას სვამენ, როგორც იხსენებენ, განსაკუთრებული სურნელი ჰქონდა სოხუმში მოდუღებულ ყავას. ჩვენ, ბავშვები კი,- ნაყინს მივირთმევთ, რომელსაც ზედ უგემრიელესი შოკოლადი აქვს მოყრილი… აფხაზეთი ასოცირდება სითბოსთან, მზესთან… ასეთია ჩემში შემორჩენილი მოგონებები…
თქვენ პირველი ხართ, ვინც დღევანდელი სოხუმი ნახა, როგორი სოხუმი დაგხვდათ?1062347_712601272104371_2069200818_n

– ომის შემდგომი სოხუმი რომ ვნახე,- ნაცრისფერი იყო… აღარსად ჩანდა, ეგრეთ წოდებული, სოხუმის «ბირჟა», სადაც ქართველები, აფხაზები, რუსები, სომხები, ბერძნები იყრიდნენ თავს… დამხვდა დანგრეული «ამრა», სადაც უგემრიელეს ყავას აღარ ადუღებდნენ და ეული სანაპირო… აფხაზეთში პირველად 1997 წელს ჩავედი, მაშინ პატარა გოგონა ვიყავი და ეს გაუაზრებელი ნაბიჯი იყო, სურვილსა და ახირებაზე დაფუძნებული და ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა მონატრება იყო.
მენატრებოდა ბაბუა, რომელმაც აფხაზეთის ომის შემდგომი პერიოდი თავისი სახლის ოთხ კედელში გაატარა; ერთ-ერთ კედელზე, ბაბუის სილუეტს დღესაც ამჩნევია ნატყვიარი. იგი კედელთან მიაყენეს და  ტყვია დაუშინეს, არ მოკლეს, მაგრამ კედელზე ტყვიებით მისი გამოსახულებაა.  მას არც ომის დროს და არც შემდგომ არ გადმოუკვეთავს «საზღვარი».
ენგურის ხიდი, რომელიც ახლა აფხაზებსა და ქართველებს ყოფს, დაახლოებით 1 კილომეტრისაა, ის ჩვენ ფეხით გამოვიარეთ, ხოლო შემდეგ ძველმა საბჭოურმა ყვითელმა ავტობუსმა მიგვიყვანა ქალაქის ცენტრში. როდესაც ნაცნობ ქუჩებს მივუახლოვდით, არ ვიცი, რა ჰქვია ამ ეფექტს, მე ფილმის ეფექტს ვეძახი… როცა ყურთასმენა გეხშობა და საკუთარი გულისცემა გესმის მხოლოდ და მერე მახსოვს, როგორ დავინახე, თეთრთმიანი მამაკაცი, რომელიც ეზოს ბოლოში ჭიშკართან იდგა, ხელისგული მიედო შუბლზე და გაოცებული უყურებდა გოგონას, რომელიც მასთან გულამოვარდნილი მირბოდა და მერე იყო ჩახუტება…
თქვენი სახლი თუ ნახეთ, ვინმე თუ ცხოვრებდა იქ?
-„სახლში დაბრუნების მომენტი არ გაგეპაროს“, ეს ჩემი ცხოვრების დევიზად იქცა. აფხაზეთში სწორედ მაშინ დავბრუნდი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც კი ხშირად  თავს არიდებდნენ ამას. სახლი დამხვდა ისეთი, როგორიც შეიძლება დაგხვდეს სახლი, სადაც 20 წელია აღარავინ ცხოვრობს, გარკვეულ წილად გაძარცვული, ერთადერთი, რაც დამხვდა, ხელუხლებელი იყო წიგნები ჩემს ბიბლიოთეკაში, რომელთა ნაწილი თან წამოვიღე.
კი, აფხაზები აკონტროლებდნენ მაშინ საზღვარს და გამეხუმრნენ კიდეც წიგნებზე, ხალხი სხვა რაღაცებს მიეზიდებაო…
2010 წელს აფხაზეთში ჩასვლა უკვე შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი იყო, აფხაზეთიდან  ფოტომასალისა და ინფორმაციის ჩამოტანა მინდოდა.
20 წელი გავიდა აფხაზეთის ომის შემდეგ და აფხაზეთის საკითხი სულ უფრო ნაკლებად აქტუალური ხდება. საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში ახალი გამოწვევებია, ახალი ცხელი წერტილები მსოფლიოში, ყველაზე ნათელი და უახლესი მაგალითია – ყირიმი, ასევე ახალი თაობა ნაკლებ ინფორმაციას ფლობს აფხაზეთზე. ბევრმა არ იცის აფხაზეთის ამჟამინდელი სიტუაცია და პრობლემატიკა, რომლის წინაშეც იქ მცხოვრები ქართველები და აფხაზები დგანან.1932054_712600782104420_1489032857_n
მახსოვს შეხვედრისას, იმ დილით ნისლით დაბურული შემეგება უსაქართველო აფხაზეთი, რომელსაც სოხუმის სანაპიროზე მაჯა გავუსინჯე, გული ნელა, მაგრამ მძიმედ ფეთქავდა… ქალაქში ნისლი ჩამოწოლილიყო და ადამიანებიც კანტი-კუნტად მოჩანდნენ ქუჩებში. ჩემთვის. ალბათ, ბევრისთვის, ვინც სოხუმში ერთხელ მაინც ყოფილა, ეს მზის, “ნართას“, “პინგვინის“, ქვიშაზე მოხარშული ყავის, ჭრელი ესპადრელების, საცურაო კოსტიუმების და სილაღის ქალაქია, ახლა კი დაბეჩავებულ მოხუცს დამსგავსებია, რომელიც მიტოვებულ სოფელში მეზობლის ეზოებში დაგროვილი ფიჩხით დანთებულ ცეცხლზე ითბობებს ხელებს. ხარბად დავიწყე სუნთქვა, ფილტვები მინდოდა ამევსო ჰაერით და მინდოდა, თან წამომეღო… სოხუმის ზღვის მიერ ნაფერებ ქვებს ჯიბეში ვიყრიდი, მინდოდა, სანაპირო მიწას მომეგლიჯა და ჩახუტებული თან წამომეღო…
სოხუმელებს თუ შეხვდით?
– მათთან ერთად ვიმგზავრეთ ენგურის ხიდიდან სოხუმამდე… ვუყურებდი აფხაზებს და ვაანლიზებდი, ერთ-ერთ აფხაზ ქალს ეცვა მაისური, რომელსაც ბევრი პატარა გული ეხატა, შეიძლებოდა თუ არა, რომ ის ჩემი მტერი ყოფილიყო? რა თქმა უნდა, არა! ისევე როგორც ის, რომ ჩემი ვერ იქნება ვერასოდეს!
ერთ-ერთმა სოხუმელმა ქალმა რუსულად მითხრა: «მაშინ კარგი იყო… როცა საქართველო»… და ამას ბევრი აღნიშნავს და ალბათ ეს მზაობის სიგნალია, აფხაზების დაბრუნების…
რომლებია თქვენ მიერ გადაღებული ყველაზე კარგი ფოტოკადრები?
 – ჩემთვის სიმბოლურია აფხაზი ბავშვი, რომელიც ბარიკადებს მიღმაა და სევდიანი თვალებით იყურება. ეს აფხაზეთის და იქაური მაცხოვრებლების რეალური სახეა… ოკუპაციას ყველაზე მწარედ სწორედ ისინი განიცდიან, სტაგნაცია, დეგრადაცია, განვითარებისა და წინსვლის ყოველგვარი პერსპექტვების გარეშე.
ნანკა,  სოხუმში თქვენ მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენას თბილისში ბევრი მნახველი ჰყავდა...
– გამოფენამ თბილისში, მართლაც, წარმატებით ჩაიარა. მაგრამ ამ ფოტებზე იქეთა მხარის რეაქცია როგორი იყო,- არ ვიცი… ალბათ, ბევრი მეუბნება, “პერსონა ნონ გრატად“ იქეცი აფხაზებისთვისო. პირიქით, მე ავსახე აფხაზეთის რეალობა და სიმართლისთვის ადამიანები არ ისჯებიან, არ უნდა ისჯებოდნენ, ყოველ შემთხვევაში. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ახლო მეგობრული კონტაქტები დავამყარო აფხაზებთან, შევისწავლო აფხაზური ენა, რომელიც აფხაზეთში ქართულთან ერთად სახელმწიფო ენაა.
მინდა, მომავალში, როდესაც აფხაზებთან პირისპირ დავჯდები მათ აფხაზურად ვესაუბრო, მათ კი სურდეთ, პასუხი ქართულად გამცენ, სხვაგვარად არ შეიძლება. ჩვენი თანაცხოვრების ისტორია ხომ საუკუნეებს ითვლის. მესამე ძალისთვის არ უნდა მიგვეცა შესაძლებლობა, ჩაეტეხა ძმობის ხიდი ჩვენს შორის, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებში არც არის ის ხიდი ჩატეხილი.
დღეს აფხაზები ჩამოდიან საქართველოში, აქ მკურნალობენ, უმაღლეს განათლებას იღებენ, ჩამოდიან ნათესავებთან, დასასვენებლად, საყიდლებზე. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვიხსნათ ომის ფობია, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართ გვაქვს, ჩავიდეთ იქ, დავამყაროთ ურთიერთობები, გავააქტიუროთ ეკონომიკური საქმიანობები განათლების, ჯანდაცვის, სახალხო დიპლომატიის მიმართულებით. აფხაზი ერი დეგრადაციისა და გადაგვარების გზას ადგას და ჩვენ უნდა გავხდეთ გარანტები, რომ არ გაქრება აფხაზური ენა, კულტურა, რომ ჩვენ დავიცავთ მათ.
ჩემს გამოფენაზე მოდიოდნენ: ქართლელები, აჭარლები, გურულები, არადევნილები, ძალიან ბევრნი იყვნენ ახალგაზრდები და აცრემლებული თვალებით მიდიოდნენ, ბევრი ღიმილით, ბევრი თვალზე ცრემლმომდგარი ქალი-კაცი მეუბნებოდა, ჩვენ დავბრუნდებით! თუ ისინი ამას ამბობენ ე.ი. მე შევძელი ერთი მეათასედით მაინც წინ წამომეწია აფხაზეთის თემა. სწორედ ეს იყო ამ პროექტის მთავარი მიზანი და ჩემი ცხოვრების მთავარი არსი, რომ თუნდაც იოტისოდენა, მაგრამ გარკვეული წვლილი შევიტანო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში. ხშირად ვხუმრობ, თუკი ქართველმა ადამიანმა ხე უნდა დარგოს, სახლი ააშენოს და შვილი გაზარდოს, ჩემს „უნდა-ში“ ჩამატებულია, -აფხაზეთი დავაბრუნო.
სოხუმის შემდეგ პეტერბურგში ცხოვრება მოგიწიათ და ალბათ იქ უკვე  აფხაზურ კონფლიქტზეა საუბარი...
-პეტერბურგმა აფხაზეთიდან გამოძევებული მე და ჩემი ოჯახი შეგვიკედლა. მაშინ არავინ იძახდა ხმამაღლა, რომ ეს არა ქართულ-აფხაზური ომი, არამედ რუსულ – ქართული კონფლიქტი იყო, რომელიც არა 1993 წელს დაიწყო, არამედ გაცილებით ადრე, და სოხუმის დაცემის დღეს არ დამთავრდა, სახეზე იყო კიდევ ერთი ინტერვენცია 2008 წელს და სულ ახლახან, მავთულხლართების გაბმით და სასაზღვრო ზოლის გადმოწევით…1961531_712601542104344_1063269015_n მიუხედავად ყველაფრისა, არ შეიძლება ომის შედეგები და ხელისუფალთა პოლიტიკა გადაიტანო ადამიანებზე. მე ძალიან ბევრი და კარგი მეგობრები მყავს რუსეთში. ჩემი მეორე სამშობლოა რუსეთი, იქ გავიზარდე, იქ ჩამოვყალიბდი ადამიანად, თუმცა იმაში, რომ პატრიოტული სულისკვეთება და ქართული ფესვები არ დამვიწყებოდა, ძალიან დიდი როლი შეასრულა ქართულმა სათვისტომომ და ქართულმა ანსამბლმა, სადაც პეტერბურგში დაფუძნებისთანავე ჩემმა მშობლებმა შემიყვანეს. მართლა რთულია ემიგრანტობა და ამ პერიოდში ჩემს საყვარელ ფილმად იქცა „ფესვები“, თუმცა იმ პატარა საქართველომ, რომელიც ჩამოვიტანეთ,- გარკვეულწილად, უსაქართველობა გადაგვატანინა.
არის კიდევ სიზმარში არსებული სოხუმი
 – სიზმარში დღესაც სულ ვხედავ ენგურის ხიდს, როგორ ვერ გადავდივარ მასზე, ხან კი ენგურის მდინარის გადალახვას ვევრ ვახერხებ… კიდევ ვხედავ გემს, რომელსაც, მგონია, რომ აფხაზეთისკენ მივყავარ, მაგრამ სანაპირო არ ჩანს… სამწუხაროდ, ჩემი სიზმრები აფხაზეთთან მიმართებაში ისეთვე შავ-თეთრია, როგორც ჩემ მიერ აფხაზეთიდან ჩამოტანილი ფოტოები. მაგრამ სიზმრები ხომ ძილში გადატანილი ფიქრებია, ალბათ როდესაც ჩემს სახლში დავიძინებ, სიზმრად ფერად-ფერადი კენჭებით სავსე ზღვას ვნახავ… მთავარია, მონდომება და შეუსრულებელი არაფერია ამ ქვეყნად…

თეონა გოგნიაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები