სახალხო დამცველი გიორგი ბადაშვილს და სოზარ სუბარს მიმართავს

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს პატიმრის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. უჩა ნანუაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

“2015 წლის 23 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ თ.მ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების, მათ შორის, დროული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად. ასევე, დროულად უნდა მოხდეს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების ამოღება საგამოძიებო ორგანოს მიერ.

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს უზრუნველყოს მსჯავრდებულ თ.მ.-ს უსაფრთხოების დაცვა. საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, უნდა გატარდეს ეფექტიანი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მოცემული პირის კანონიერი უფლებების დარღვევა, მუქარა, იძულება ან სხვაგვარი კანონშეუსაბამო/დანაშაულებრივი ქმედება მსჯავრდებულის მიმართ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უნდა იმსჯელოს მსჯავრდებულ თ.მ.-ს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის მიზანშეწონილობის საკითხზე და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

2015 წლის 22 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულები სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში შეხვდნენ და ესაუბრნენ მსჯავრდებულ თ.მ.-ს. მსჯავრდებულის განცხადებით, 2015 წლის 17 აპრილს მის მიმართ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა არასათანადო მოპყრობა, ხოლო მომდევნო დღეების განმავლობაში არ აძლევდნენ ოჯახის წევრებთან, ადვოკატთან და სოციალური სამსახურის თანამშრომელთან დაკავშირების შესაძლებლობას, არ მისცეს არც საჩივრის დაწერის უფლება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები