საქართველოს “112”-ს, 5 სხვა ქვეყანასთან ერთად, ჯილდო გადაეცა

საქართველომ ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს “112”-ს, 5 სხვა ქვეყანასთან ერთად, ჯილდო გადაეცა განხორციელებული საქმიანობისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ხელი შეეწყო საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. დაჯილდოების ცერემონია ემოციებით დატვირთული, დაუვიწყარი საღამო იყო, რომელსაც 500-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, გადაუდებელი სამსახურის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრები, ევროპარლამენტის წევრები და გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერტები.
საქართველომ „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. 8 წლის ლექსო ბოჟაძემ საკუთარი დედის სიცოცხლე გადაარჩინა მხოლოდ იმით, რომ მან იცოდა, სად უნდა დაერეკა და როგორ მოქცეულიყო გადაუდებელი შემთხვევის დროს. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ადინა იოანა ვალეანმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს პირადად გადასცა ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ჯილდო და ღრმა პატივისცემა გამოხატა მათ მიმართ.
„ეს არის დიდი სიამოვნება და პატივი, რომ დავაჯილდოვო მიღწევებისთვის ორგანიზაციები, მამაკაცები, ქალები და ბავშვები, რომელთა ქმედებებმა და ჩართულობამ ხელი შეუწყო “112”-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ცნობიერების დონის ამაღლებას მთელს ევროპაში. ამისათვის ისინი იმსახურებენ ჩვენი მხრიდან აღიარებასა და აღტაცებას. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და ნომინანტს, მათ შეძლეს და ჩვენც უფრო მოტივირებულები ვართ, რომ წვლილი შევიტანოთ საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”,-განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ადინა იოანა ვალეანმა.
EENA 80-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე გადაუდებელი დახმარების სფეროს წარმომადგენელს, 15 საერთაშორისო ასოციაციას/ორგანიზაციას, ევროპარლამენტის 150-ზე მეტ წევრსა და 70 მკვლევარს აერთიანებს. საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის, 3 სექტემბერს გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები