ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელორუსია ყოველთვის განიხილავს საქართველოს, როგორც ახლო და მეგობრულ ქვეყანას

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას ორი ქვეყნის თანამშრომლობას ხაზი გაუსვა და განმარტა, რომ ბელორუსია ყოველთვის განიხილავს საქართველოს, როგორც ახლო და მეგობრულ ქვეყანას.
“ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ეხმიანება ორივე ქვეყნის ინტერესს. საქართველო ჩვენთვის წარმოადგენს მთელს კავკასიაში პოტენციურ, პერსპექტიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პატრნიორს. 2014 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ საკმაოდ დაბალი რაოდენობა – 65 მილიონი დოლარი შეადგინა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ციფრი, რომელიც ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს. ამიტომ, ამ მოლაპარაკებების დროს ჩვენ დიდი ყურადღება დავუთმეთ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის. თქვენ იცით, რომ ჩატარდა ძალიან ფართომასშტაბიანი ბიზნესფორუმი. ჩვენს დელეგაციაში იყო 50 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელი და ამ ბიზნესფორუმის საფუძველზე ტვირთბრუნვის 200 მილიონამდე გაზრდას ვხედავთ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელორუსიის პრეზიდენტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წლების წინ დსთ დატოვა, ორ ქვეყანას შორის ისევ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი.
“ჩვენ არასოდეს გვიღალატია თქვენთვის, ურთულეს სიტუაციებშიც კი. ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ბელორუსიის ურთიერთობა საბაჟო კავშირთან. გონიერი ადამიანები ყოველთვის მოძებნიან თანამშრომლობის ფორმას ურთულეს პერიოდშიც კი. აქ კი ასეთი პერიოდები და კატასტროფები არ გვაქვს. ღმერთმა გვითხრა, რომ მაქსიმალურად უნდა დავარეგულიროთ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები